უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, რუსმა ოკუპანტებმა ოსკოლის ფსიქონერვოლოგიურ პანსიონს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის დროს შენობაში 330 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დგინდება და ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.
შენობაში მყოფი 330 ადამიანიდან 50-ს გადაადგილების სირთულის პრობლემა აქვს, 10 მათგანი კი ეტლით გადაადგილდება. შემთხვევის შემდეგ, 73 ადამიანის ევაკუაცია მეზობლად მდებარე პანსიონის შენობაში განხორციელდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.