საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1.15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. საქსტატის განმარტებით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით. საქსტატმა ასევე ზრდის მიმართულებით დააზუსტა 2021 წლის I, II და III კვარტალების მონაცემები; ჯამში, აღნიშნული მიზეზით მატება 11 მილიონი დოლარია.
წლების მიხედვით FDI ასე ნაწილდება:
2018 – $1.31 მილიარდი;
2019 – $1.33 მილიარდი;
2020 – $72 მილიონი;
2021 – $1.15 მილიარდი.
შესაბამისად, ინვესტიციების მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაინც შემცირებულია.
მთლიან უცხოურ ინვესტიციებს შორის ნახევარზე მეტი არსებული კომპანიების რეინვესტიციებს წარმოადგენს. უფრო ზუსტად რეინვესტიციები 760 მილიონი დოლარი და FDI-ის 66% იყო. სააქციო კაპიტალის შენატანები 175 მილიონი დოლარი, სავალო ვალდებულებები კი 217 მილიონი დოლარი იყო.
2021 წელს ყველაზე მეტი თანხა დიდი ბრიტანეთიდან ჩაიდო, ეს დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ საქართველოს სამი მსხვილი საფინანსო ორგანიზაცია – თიბისი ბანკი; საქართველოს ბანკი და საქართველოს კაპიტალი სწორედ დიდ ბრიტანეთში არიან რეგისტრირებული და მათი ფინანსური საქმიანობა FDI-ში აისახება.
ქვეყნების მიხედვით, FDI ასე ნაწილდება:
დიდი ბრიტანეთი – $597 მილიონი;
ნიდერლანდები – $126 მილიონი;
ჩეხეთი – $82 მილიონი;
თურქეთი – $65 მილიონი;
რუსეთი – $59 მილიონი;
ლუქსემბურგი – $41 მილიონი;
UAE – $35 მილიონი;
გერმანია – $32 მილიონი;
მარშალის კუნძულები – $21 მილიონი;
სეიშელი – $20 მილიონი;
დანარჩენი ქვეყნები – $77 მილიონი.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ტოპ-ინვესტორ ქვეყნებს შორის არაერთი ოფშორული ზონაა, ამ ქვეყნების იურისდიქციებს არაერთი მსხვილი ქართული კომპანია იყენებს საკუთარი საქმიანობისთვის.
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი, 157 მლნ აშშ დოლარით.