საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან – მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას.
„2021 წელს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების სააგენტომ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ახალი, „AM” – კატეგორიის – მოპედების მართვის მოწმობების გაცემა, რომელიც 28 მარტიდან სავალდებულო გახდება. ამავე თარიღიდან სავალდებულო ხდება მოპედების რეგისტრაცია. ახალი „AM” კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად გასვლის დროს, მოქალაქეები სრულად თავისუფლდებიან გამოცდის საფასურისგან. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან – მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში. სააგენტო უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას. შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრების შეცვლა მობილური აპლიკაციით, სააგენტოში გამოცხადების გარეშე, დისტანციურად, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურების განხორციელება, როგორიცაა: ექსპორტი, რეექსპორტი და სხვა, ასევე რეგისტრაცია, მათ შორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმები, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება.
ანგარიშის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით დაუღალავი შრომისთვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ ჩემს თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგის და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით დაუღალავი შრომისთვის. ყველა თანამშრომელს მადლობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.