ყველა თანამდებობაზე, სადაც ბენია ჩხიკვიშვილი მოღვაწეობდა, მან გამოაჩინა ადმინისტრატორის ჩინებული თვისებები და 1920 წელს ბათუმის ოლქის შემოერთებისას გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. ბენია ჩხიკვიშვილი ბათუმში 1920 წლის 7 ივლისს ჩავიდა.
ბენიამ თბილისიდან ბათუმში ახალი მმართველობის მოსაწყობად და წესრიგის დასამყარებლად ,,ძლიერი ხელი” ვალოდია სულაქველიძე წაიყვანა. სადაც კი არ უმსახურია სულაქველიძეს – ქუთაისში მილიციის უფროსად, ისევე როგორც სოხუმში ზურგის უფროსად, რკინიგზების გენერალ გუბერნატორად და ა.შ ის ყველგან ,,სიტუაციას ალაგებდა”. თუმცა ბათუმში მას ცოტა ხნით მოუწია დარჩენა.
ბათუმში ჩასვლამდე ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მტრებს ბათუმსა და მის ოლქში არ ექნებათ ადგილი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები დაუშვებელი იქნებაო. იმ დროს კი ბათუმში ძალიან მძიმე ვითარება სუფევდა. 1920 წლის 26 ივლისს ჩხიკვიშვილის მიერ გამოიცა ბრძანება ,,ქალაქში წესრიგის” შესახებ. ბრძანების მიხედვით ვინც არ დაემორჩილებოდა ხელისუფლებას და მართლწესრიგს დაარღვევდა, ის მკაცრად დაისჯებოდა. მილიციამ გვარდიელებთან ერთად დაიწყო პატრულირება და ამან შედეგი გამოიღო – კრიმინალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამასთან ერთად ბათუმის ოლქის ხელისუფლებამ გაილაშქრა ყველა იმ პარტიისა თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ, ვისაც მათგან განსხვავებული პოზიცია ეჭირა, განსაკუთრებით ეს შეეხო ბოლშევიკებს. ამ პარტიის წარმომადგენლები ბლომად იყვნენ ბათუმის ოლქში და მთავრობის საწინააღმდეგო ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ. ამის გამო ხელისუფლებამ დამატებით ,,ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღმკვეთი ღონისძიებების შესახებ” ბრძანება გამოსცა, სადაც კერძოდ საუბარი იყო იმ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შესახებ, რასაც ბოლშევიკები სჩადიოდნენ, სახელს უტეხდნენ საქართველოს მთავრობას, მოსახლეობაში ავრცელებდნენ პროკლამაციებს და არეულობას თესდენ. ,,ამიტომ საჭიროა დაუყონებლივ აღკვეთილ იქნას ასეთი მოქმედება”. ეს, ბოლშევიკებს, რა თქმა უნდა არ ეპიტანავად, პროტესტი გამოთქვეს და მათი დელეგაცია ბენია ჩხიკვიშვილს ეწვია. შეხვედრისას მას მოახსენეს, რომ ამ ბრძანებით ირღვევა რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაო, რაზეც ბათუმის კომისარმა უპასუხა, რომ ხელშეკრულებას თქვენ, ბოლშევიკები არღვევთო, რადგან ხალხში დეზორგანიზაცია შეგაქვთ და ეწევით ძირგამომთხრელ საქმიანობასო. დადებული ხელშეკრულების მიხედვით თქვენი პარტია არ არის აკრძალულიო, მაგრამ თავისუფლად პარპაშის უფლებას არ მოგცემთო… ამას მოჰყვა დაპატიმრებების სერია, ბევრი ბოლშევიკი გაასახლეს ბათუმის ოლქიდან.
ფოტოებზე ბენია ჩხიკვიშვილი და ვალოდია სულაქველიძე
სიკვდილი, კილავ, რუსეთს!