რეიგანმა ავღანეთის ომით საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა, ზელენსკი უკრაინის ომით რუსეთის მომავალს სათუოს ხდის

ვერც ლეონიდ ბრეჟნევი იფიქრებდა1981 წელს, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტად არჩეული ჰოლივუდის კოვბოური ფილმების გმირი რონალდ რეიგანი გაისტუმრებდა იმქვეყნად საბჭოთა იმპერიას და ვერც პუტინი დაიჯერებდა 2019 წელს, რომ უკრაინის პრეზიდენტად არჩეული კომიკოსი და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი “უძლეველი“ რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეტევებს მთელი თვის განმავლობაში გაუძლებდა. ორივე შემთხვევაში კრემლმა ასეთი პრეზიდენტების პოლიტიკური თუ პირადი გამბედაობის სათანადოდ შეუფასებლობის გამო კისერი მოიტეხა.

რონალდ რეიგანის დონის სამხედრო-პოლიტიკური ლიდერი დასავლეთს 1989 წლის (რეიგანის მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის) შემდეგ არც ჰყოლია. მან პირველ „ცივ ომში“ დაამარცხა და დაანგრია „მუდმივი“ საბჭოთა იმპერია.

დემოკრატიას ბევრ დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეებიც აქვს – აშშ-ის პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევა კონსტიტუციით ნებადართული რომ ყოფილიყო, რეიგანი ბოლომდე მიიყვანდა დაწყებულ საქმეს და სანაგვეზე მოსროლილ საბჭოთა კავშირს მის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციასაც მიაყოლებდა.

შემდგომი პერიოდის დასავლეთის ლიდერების მონდომებამ, უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში დარჩენილი საბჭოთა ბირთვული იარაღი რუსეთში მოვაგროვოთ და რუსეთი დაშლას გადავარჩინოთ, რადგან ერთ ქვეყანაში უფრო გაადვილდება ბირთვული არსენალის კონტროლიო, მიგვიყვანა პუტინის ამბიციებამდე, არა მხოლოდ საბჭოთა კავშირი ააღორძინოს, არამედ მეფის რუსეთის დროინდელი იმპერიის საზღვრებიც კი აღადგინოს.

გაუბედაობა, საფრთხის არასწორი ანალიზი და ბიუროკრატიზმი – აი, იმ ნაკლოვანებათა არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მკვიდრდებოდა დასავლეთში, ნატოსა და გაეროს ჩათვლით. რატომ ეგონათ დასავლელ ლიდერებს, რომ რეიგანის მიერ პირველ “ცივ ომში“ დამარცხებული კრემლი თავს ვეღარ წამოჰყოფდა? და შეცდნენ კიდეც, მათი სტრატეგიული შეცდომის მწარე შედეგები კი საკუთარი სისხლით ზღვეს ჯერ – ქართველებმა და მოლდოველებმა, ბოლო რვა წელი კი ამის გამო სისხლს უკრაინელები ღვრიან.

21-ე საუკუნის დასაწყისიდან დასავლეთისა და ნატოს უმთავრეს მოწინააღმდეგედ საერთაშორისო ტერორიზმის მიჩნევამ და ოცი წლის განმავლობაში ავღანეთის ომში უდიდესი რესურსების გადაყრამ დასავლეთი და, უპირველესად – ნატო ისეთ ურთულეს მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ მართლაც ეშინოდათ რუსეთის შეიარაღებული ძალების მასობრივი თავდასხმების, თუმცა რუსეთ-უკრაინის ერთთვიანმა ომმა ისინი ცოტა დაამშვიდა და დაანახვა, რომ თურმე რუსული არმია არც ისეთი უძლეველი ყოფილა. მართალია, რუსული არმიის სუსტი მხარეები უკრაინელი სამხედროებისა და მოხალისეების თავგანწირულმა ბრძოლამ გამოაჩინა დასავლეთის მიწოდებული შეიარაღების დახმარებით, მაგრამ უკრაინელები ვერაფერს გახდებოდნენ, უკრაინის პრეზიდენტს, შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ ზელენსკის დედაქალაქი კიევი რომ დაეტოვებინა და პოლონეთიდან ეცადა უკრაინის თავდაცვის მართვა, როგორც დასავლელი კოლეგები ურჩევდნენ. არადა, პრეზიდენტი ბაიდენი უკმაყოფილი იყო, როდესაც მისი უკრაინელი კოლეგა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩაფრინდა – დღე-დღეზე რუსეთი შეიძლება თავს დაესხას უკრაინას და სად სცალია ზელენსის კონფერენციებისთვისო, ისმოდა თეთრი სახლის კულუარებში, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიუნხენის უსაფროების კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა იმ დასავლელი ლიდერებისთვის, რომლებიც ისევ ვარდისფერი სათვალით უყურებდნენ პუტინის ფაშისტურ პოლიტიკას და არ გამორიცხავდნენ მასთან მორიგი „გადატვირთვის“ პროგრამის ამუშავებას, როგორც ეს გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ და მალე პუტინისგან „საკადრისი მადლობაც“ მიიღო 2014 წელს ყირიმის ანექსიის სახით.

დღეს აგრესორთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ივიწყებს გულისამრევ პოლიტკორექტულობას და ყველას გასაგონადშესაფერის სახელს არქმევს რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ აგრესიაზე დასავლელი პოლიტიკოსების, ნატოს და განსაკუთრებით – გერმანიის ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციას.ზელენსკის, ისევე, როგორც თავის დროზე რეიგანს, ჩანს, სამსახიობო გამოცდილება ეხმარება, რომ სათქმელი მსმენელს, ანუ მილიონობით ჩვეულებრივ ადამიანს, გასაგები ენით უთხრას და არა – დიპლომატიური პოლიტკორექტულობის შესაბამისი უაზრო ფრაზებით, რითაც უდიდეს მხარდაჭერას იღებს არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეების, არამედ მთელი მსოფლიო მოსახლეობისგან, რომელთათვისაც მთავარი სიმართლეა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ფაშიზმს ფაშიზმი უნდა დაერქვას, ვინც უნდა იყოს მისი შემოქმედი – მეოცე საუკუნის ჰიტლერი თუ 21-ე საუკუნის პუტინი.

ფოტო : აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 18 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელობის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ატომური ავიამზიდი “რონალდ რეიგანი” მზად არის, კრემლის იმპერიული ზრახვები შეაჩეროს.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share