კოვიდპანდემიის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საქმიანობის ეფექტური კონტროლი ვერ განახორციელა – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასკვნაში. ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა – პანდემიის მართვასთან დაკავშირებული საპარლამენტო კონტროლი, რომლის მიხედვითაც, ნათლად გამოიკვეთა ყველა ის პრობლემა, რაც ზოგადად, საქართველოში, საპარლამენტო ზედამხედველობას ახასიათებს.
გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
- ოპოზიციისთვის მინიჭებული შეზღუდული უფლებამოსილებების განხორციელება ვერ ხდება ჯეროვნად, რადგან მთავრობა არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან და მათ ინიციატივებს ძირითადად რეაგირების გარეშე ტოვებს;
- უმრავლესობის მიერ განხორციელებული კონტროლი კი არაეფექტურია და უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს;
- საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ეფექტურად არ ყოფილა გამოყენებული პანდემიის თანმდევ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა კორუფციის რისკები, სახელმწიფო შესყიდვები, განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებები და ა.შ.;
- 2020 წლის მინისტრის საათის განრიგის შესაბამისად, სულ 11 მოსმენა უნდა შემდგარიყო, თუმცა 7 მინისტრის საათი არ ჩატარდა;
- ოპოზიციურმა ფრაქციებმა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირის მოწვევის საკითხი 10-ჯერ დააყენეს, აქედან 4-ჯერ კორონავირუსის თემაზე. კომიტეტებზე არ გამოცხადდნენ: ეკატერინე ტიკარაძე, რატი ბრეგაძე, ვახტანგ გომელაური;
გამჭვირვალობამ დღეს კიდევ ერთი ანგარიშის შედეგი გამოაქვეყნა – პანდემიის დროს განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები.
ირკვევა, რომ პანდემიის დროს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 000-მდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა, საიდანაც „კოვიდ 19“-ით გამოწვეულ შესყიდვებზე დაახლოებით 715 მლნ ლარი მოდის:
- გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან, „ქართული ოცნების“ და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებმა 156 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს;
- ამ 210 კომპანიამ და 11 ფიზიკურმა პირმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 14 მლნ ლარზე მეტი შესწირეს, მათ შორის 5 მლნ ლარამდე პანდემიის დაწყების შემდეგ;
- პანდემიის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით 9 მლნ ლარის კონტრაქტები 192-მა ახალბედა კომპანიამ მიიღო, მათ შორის, 22 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა;
ორგანიზაციის რეკომენდაციაა, კორუფციის ნიშნების შემცველი ტენდერებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ, ასევე. შემსყიდველმა ორგანიზაციები ახლად დაფუძნებულ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა იკავებდნენ თავს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს.