რუსი მხატვარი ალისა იოფე, რომელიც პუტინის ხელისუფლებას გამოექცა, ამჟამად საქართველოში იმყოფება.
არტისტმა თბილისში ყოფნისას ახალი, 5 მეტრის სიგრძისა და სიგანის ტილო შექმნა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება.
“რუსეთი, რომელშიც მე ვცხოვრობდი აღარ არსებობს, ის განადგურდა, თავს ლტოლვილად მივიჩნევ, სახლიდან მხოლოდ ერთი ზურგჩანთით წამოვედი. საქართველოში მაქვს იმის თავისუფლება, რომ გამოვხატო ჩემი პროტესტი, დავგმო რუსეთის ხელისუფლება და პუტინი. ჩემი ახალი ნამუშევარი უკრაინაში მიმდინარე ომს ეძღვნება, იქ უდანაშაულო ხალხი იღუპება, ინგრევა სახლები, ეკლესიებიც კი და ამას ყველაფერს “სპეცოფერაციას” ეძახიან, რომლის სიმბოლო ახალი სვასტიკა – Z ასო გახდა”. – ამბობს მხატვარი.
ალისა იოფე თანამედროვე რუსი მხატვარია. მისი რამდენიმე ნამუშევარი ახლაც გამოფენილია უმსხვილეს ტრეტიაკოვის გალერეაში. 2020 წელს იოფე 50 ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა არტისტთა ჩამონათვალში მეოთხე ადგილი დაიკავა.
3 აპრილს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქცია უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის გაიმართება. იოფეს ახალი ნამუშევარი აქციაზე იქნება წარმოდგენილი.
tabula.ge