ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროგრამა 2022 წელს მასწავლებლების ტრენინგით გაიხსნა

2022 წლის 1, 2 და 3 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის პედაგოგები, მათთან ერთად კი, ორივე მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრების ხელმძღვანელები (42 პედაგოგი) ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მიერ სპეციალურად პედაგოგებისთვის დაგეგმილ და ორგანიზებულ სასწავლო ტრენინგს დაესწრნენ. პედაგოგთა ტრენინგ მოდულის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მიზნად ისახავს, მონაწილეებისთვის ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საკვანძო მიმართულებების გაცნობას, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების უკეთ ორგანიზების მიზნით ინფორმაციის მიწოდებას. ეს არის თანამედროვე მიდგომა, რომელსაც რეფორმის სახით ეტაპობრივად ნერგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პედაგოგებმა სწორედ, ამ რეფორმის ექსპერტებისგან მიიღეს ინფორმაციას ახალი მიმართულებების შესახებ. ტრენინგი ჩაატარეს მარი ჩიქობავამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და ნიკო სილაგაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა.

„ტრენინგი გათვლილია განათლების რეფორმის პროცესში ჩართულ ადამიანებზე, რომლებსაც სისტემატიზებული ინფორმაცია სჭირდებათ რეფორმის მთლიანობითი სურათის აღსაქმელად. ჩვენი შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან რეფორმის კონცეფციას, ძირითად საკანონმდებლო დოკუმენტებს, დანერგვის ინსტრუმენტებს და სასწავლო რესურსებს.  ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ტრენინგი სასიკეთოდ აისახება ზოგადი განათლების რეფორმის მსვლელობაზე. ის ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების წევრების შინაგანი მოტივაციის ამაღლებასა და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სკოლასა და გარე ორგანიზაციებს შორის“ – განაცხადა ნიკო სილაგაძემ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა.

„განათლების ხელშეწყობის კომპონენტი სერიოზულ და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის სოციალურ პროგრამაში, რომელიც, როგორც უკვე იცით, მოსახლეობასთან ერთად შემუშავდა. ჩვენ შევიმუშავეთ პროექტები, რომლებიც პასუხობს  როგორც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვისაც არსებულ გამოწვევებს. მიგვაჩნია, რომ ამ ჭრილში პედაგოგები ჩვენი პირდაპირი სამიზნე აუდიტორიაა და მათი პროფესიული განვითარება უმნიშვნელოვანესია. ისინი უნდა ფლობდნენ უახლეს ინფორმაციას სექტორში მიმდინარე სიახლეების შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა აღსაზრდელებთან მუშაობისას. სწორედ, ამიტომაც მოვიწვიეთ სამინისტროს ექსპერტები, მათ მიერ შემოთავაზებული   მოდული იმდენად საინტერესო აღმოჩნდა პედაგოგებისთვის, რომ პრაქტიკულად 100%-იანი დასწრება გვაქვს ტრენინგზე“- განაცხადა ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share