”საქართველოში, 30 კილომეტრშია რუსის ჯარი განლაგებული და ქვეყანაში პრორუსული არხები გვაქვს?! საოცარია, დაუჯერებელი რამ! ამ დროს ერის მოღალატე ხარ, ჩემთვის ასეა! ” – ამბობს “კვირის პალიტრასთან” მსახიობი ეკა ნიჟარაძე.
”საქართველოში ამდენი უბედურება გამოვიარეთ, რაც რუსეთმა თავს დაგვატეხა, მაგრამ სულ რომ არაფერი გამოგვეცადა, დღეს მაინც იმდენად რთულია იმაზე საუბარი, რაც უკრაინაში ხდება, ცრემლების გარეშე ყოვლად შეუძლებელია… სიტყვებსაც – საშინელებას, ჯოჯოხეთს რომ ვამბობ, თითქოს არ არის საკმარისი, არ მყოფნის სიტყვები, ვერ ვპოულობ…
მგონია, რომ დედამიწაზე ავთვისებიანი სიმსივნეა რუსეთის სახით დამკვიდრებული, თავისი მეტასტაზებით, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არავის აძლევს… მით უმეტეს, ჩვენს ორსაუკუნოვან ისტორიას თუ გავიხსენებთ: დაწყებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან, მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის გასაბჭოება, 1989 წლის 9 აპრილი, შემდეგ აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომები… ჩვენი რამდენი საუკეთესო ახალგაზრდა დაიღუპა, პირადად ვიცნობდი როგორი რჩეული ახალგაზრდები იყვნენ… რუსები ამოსუნთქვის საშუალებას არც ჩვენ, არც არავის აძლევენ. თვითონაც არ შეუძლიათ მშვიდად ცხოვრება და არც არავის აცდიან.
ის ქართველი ხელოვანები, რომლებიც რუსეთს მხარს უჭერენ აღარ არიან ქართველები! მხოლოდ სახელი, გვარი აქვთ ქართული და გადაიკეთონ, გახდნენ – ივანოვები, პეტროვები – უფრო მოუხდებოდათ.
საქართველოში, 30 კილომეტრშია რუსის ჯარი განლაგებული და ქვეყანაში პრორუსული არხები გვაქვს?! საოცარია, დაუჯერებელი რამ! ამ დროს ერის მოღალატე ხარ, ჩემთვის ასეა!
ისმის, – აბა ომი გინდათო? ეს სისულელეა, ომი ვის უნდა უნდოდეს? ომი, მიშა გინდათო და ათი წელი შეიძლება ერთი და იგივე ვიძახოთ, მეტი არაფერი ხდება? დღეს ვინც ამბობს, პოლიტიკაში არ ვერევიო, ეგ არის ტყუილი! პოლიტიკაში არ ვერევიო და ეგრე რა გამოდის, სად ხარ აბა, რას აკეთებ? ზიხარ სადღაც წყნარად და ქსოვ, ხატავ?
ადამიანი არ მეგულება, რომელსაც შეიძლება დღეს წყნარად ეძინოს, მუშაობდეს, ცხოვრობდეს. ჩემ გარშემო ასეთი არავინაა… ყველა უკრაინის ამბებით არის შეძრული და ზოგი საერთოდ ვერც იძინებს. მეც ძალიან ცუდად მძინავს ომის მერე…
დღეს რუსეთის მხარეს ყოფნა წარმოუდგენელი სიბნელე და გაუნათლებლობაა… მხოლოდ გაუნათლებლობასაც ვერ დაარქმევ! რაღაცას აქაც ხლართავენ და, მგონი, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველ ერს ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს და ეს არის დასავლეთი!
რუსეთი ხვალ აღარ იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული! უკრაინელი ხალხი იმდენად მამაცი აღმოჩნდა, მათ ვერ დაამარცხებენ. ამ ერს რამდენი უბედურება აქვს გამოვლილი, ხომ ყველამ კარგად ვიცით… ამიტომ, დღეს ოპტიმიზმით ვარ სავსე და მგონია, სიბოროტე მათი ერთიანობით აუცილებლად დამარცხდება! ესეც რუსეთის ნარატივია – დასავლეთმა უკრაინას რა გაუკეთა, ომი დააწყებინა და სეირს უყურებენო…” – აცხადებს ნიჯარაძე.