პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაციის ოპერაცია აღკვეთილია. დაკავებულია დივერსიული ჯგუფი, რომელიც უკრაინაში ქვეყნის ლიდერის განეიტრალების დავალებით იმყოფებოდა. ომში მყოფი ქვეყნის სპეცსამსახურის ინფორმაციით, ზელენსკიზე თავდასხმის პარალელურად, დივერსანტები კიევის ოლქის ქალაქებში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ.
ფრონტის ხაზზე კი ვითარება კვლავ მძიმეა. საოკუპაციო ძალები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს უტევენ. რუსულ ჭურვებს ისევ ეწირება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. ნიკოლაევში საჰაერო იერიშს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება ხარკოვი და ქალაქის შემოგარენი.
დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს მარიუპოლისთვის. უკრაინის შეარაღებული ძალები არ თმობენ პოზიციებს და არ აძლევენ საოკუპაციო არმის ალყაშემორტყმულ ქალაქში შესვლის საშულებას.
დღეს მსოფლიო კიდევ ერთხელ შეძრა ბუჩადან გავრცელებულმა კადრებმა. საერთო სასაფლაოდან დასახიჩრებული და ნაწამები ცხედრების ეგსჰუმაცია გრძელდება.