36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს შესაძლოა, უკრაინული ძალების ბოლო მიმართვა იყოს.
ვოლინა აცხადებს, რომ მტრის რაოდენობა მათთან შედარებით ათჯერ მეტია და მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს.
“ეს შესაძლოა, ჩვენი ბოლო მიმართვაა, შესაძლოა, საათები დაგვრჩა. მტრის დაჯგუფება ჩვენზე ათჯერ მეტია და უპირატესობა აქვთ ჰაერშიც და ხმელეთზეც. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ, გაგვიყვანონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი და ასობით სამოქალაქო პირია, მათ შორის ბავშვები და ქალები. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – ამბობს სერგეი ვოლინა.
“აზოვსტალში” საგანგაშო სიტუაციაზე საუბრობს ბატალიონ აზოვის მეთაურის მოადგილეც, რომელიც ამბობს, რომ გუშინდელი დაბომბვის შემდეგ ნანგრევებში ძალიან ბევრი ადამიანია მოყოლილი, ქარხანა კი განადგურებულია.
მიმართვა გაავრცელა უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმაც: “ბავშვები, ქალები და მოხუცები სიკვდილისთვის არიან განწირულები. მათ ან ბომბებს ესვრიან ან შიმშილით დაიხოცებიან. ეს არის ჯოჯოხეთი, მოვუწოდებ მთელს მსოფლიოს, გადაარჩინოს ეს ბავშვები”.