ამერიკაში მოჯირითე ლანჩხუთელი ქრისტინე ცინცაძე (ნოდია)

Qristine Tsintsadze (Nodia) – famous trick rider lady from Lanchkhuti, Guria, Western Georgia.
ამერიკაში მოჯირითეებს შორის განსაკუთრებულ ცხოველ ინტერესს იწვევდა ქრისტინე ცინცაძე (ნოდია), რომელიც მაყურებელთა ყურადღებას იპყრობდა თავისი საოცარი გამბედაობით. ერთხელ ჯირითისას მას ცხენი წაექცა, ქრისტინემ ყბა დაჰკრა მიწას და კბილები ჩაემტვრა, მაგრამ უმალ წამოიჭრა, მოევლო ცხენს და განაგრძო ჭენება. ვაჟკაცური საქციელისათვის მხედარი ქალი ძვირფასი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ბეჭდითა და ოქროს საათით დააჯილდოვეს. ოთხი წლის განმავლობაში ქრისტინე სამჯერ ჩამოაგდო მისმა საყვარელმა ცხენმა `ნალიმ“ და ხელ-ფეხი მოსტეხა, მაგრამ გამომჯანმრთელების შემდეგ კვლავ ჯიუტად განაგრძობდა ჯირითს. აღსანიშნავია, რომ ქრისტინეს მოტაცება რამდენჯერმე სცადეს ამერიკელებმა, მაგრამ ქართველებმა თავი არ დაანებეს. ქალბატონი ქრისტინე იხსენებდა, რომ გამოსვლების შემდეგ ყველა ისწრაფვოდა, ეკოცნა მისთვის, თანაც ტუჩებში _ ჩემი თეთრი კბილები მოსწონდათო – კაცებს აძლევდა ამის საშუალებას, მაგრამ ხშირად ქალებიც იწეოდნენ საკოცნელად, ეს აღიზიანებდა და ამის ნებას არ აძლევდა.
1912 წელს ქრისტინე ცინცაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას და სხვა მხედრებს სადგურში ლამის ლანჩხუთის მთელი მოსახლეობა დახვდა ოვაციებით. დაბრუნების შემდეგ იგი ისევ მონაწილეობდა დოღ-მარულაში, პირველი ადგილიც ბევრჯერ დაუკავებია და ერთხელ ჯილდოდ ათასი მანეთიც კი მიიღო (უცხოეთიდან დაბრუნებული მხედრები საეკლესიო დღესასწაულებზე საჩვენებელ გამოსვლებს მართავდნენ ხოლმე. მოჯირითეები იმეორებდნენ იმ პროგრამას, რომელსაც ისინი საზღვარგარეთ ასპარეზობისას ასრულებდნენ).
სიკვდილის წინ ქალბატონმა ქრისტინემ თავისი კაბები, საჩუქრად მიღებული ნივთები დაარიგა, ხოლო ამერიკიდან ჩამოტანილი ფოტოებითა და სხვა მრავალი საგნით გატენილი ზანდუკი თავისი ხელით დაწვა. თუ რატომ, არავინ იცის.
ფოტოებზე ქრისტინე ცინცაძე.

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share