უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.
აეროპორტში ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა ლუგანსკის ოლქში, რუბეჟნოესთან 16 აპრილს დაიღუპნენ, როდესაც ქალაქში ცოტა ხნით ადრე დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოსაყვანად მიდიოდნენ.
კასრაძის ცხედარი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც დაღუპული გორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. მას ორშაბათს, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ამ დრომდე ვერ ხერხდება ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან ოკუპანტების მიერ მოკლული კიდევ ერთი ქართველი გმირის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება.
პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 9 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.