“გული მწყდება, რომ ივანიშვილი არ ეუბნება ამ რუს ბიზნესმენს…” – როგორ აფასებს პაატა ზაქარეიშვილი ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო ჩანაწერს?

გული მწყდება, რომ ივანიშვილი რუს ბიზნესმენს არ ეუბნება: „არ შემიძლია დაგეხმარო, გასული ვარ პოლიტიკიდან“ – ის შუამავალია რუს ოლიგარქსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პოლიტიკიდან არ წასულა.

„გული მწყდება, რომ ივანიშვილი არ ეუბნება ამ რუს ბიზნესმენს, „არ შემიძლია დაგეხმარო, საერთოდ გასული ვარ პოლიტიკიდან“. ის ეუბნება, რომ გადაამისამართებს პრემიერ-მინისტრთან, ანუ ეხმარება. ის შუამავალია რუს ოლიგარქსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ეს დასტურია, რომ ის თამამად, თავისუფლად კარნახობს პრემიერ-მინისტრს, რა ეკონომიკურ პროექტებს მიაქციოს ყურადღება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, ევტუშენკოვს შეუძლია ივანიშვილს “უკარნახოს“, რაზეც ის უარს ვერ ეუბნება, რაც არ არის კარგი.

„ევტუშენკოვი არ არის პოლიტიკოსი, ამასთან არ არის პირველი და მაღალი კლასის ოლიგარქი, უფრო მეორე და მესამე კლასისაა, თუმცა, ფაქტია, რომ მას აქვს უფლება ივანიშვილს უკარნახოს და ივანიშვილი უარს ვერ ეუბნება, ეს არ არის კარგი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მან ისაუბრა საქართველოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზეც და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „რაღაცების უფლებას აძლევს რუსეთი”, თუმცა ეუბნება, რომ „საქართველოს კონტექსტში არ აკრიტიკოს“.

„ჰააგაში ხმა მივეცით, რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, ამაზე არ გვეშინია, რომ რუსეთი დაგვიწყებს ომს?! ჩვენ გაეროში ხმა მივეცით რუსეთის გარიცხვას ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან, ამის გამო ომს არ დაგვიწყებს?! საიდან იცის „ქართულმა ოცნებამ“ რის გამო დაგვიწყებს რუსეთი ომს და რის გამო არა, თუ შეტყობინება არ აქვს?!

ბიბილოვმა რატომ დაიწყო ანექსიაზე და რეფერენდუმზე საუბარი? ვერ წამოარტყამენ თავში და ვერ ეტყვიან, „რა დროს რეფერენდუმია?!“ მაგრამ არა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, მათი გაგებით, „კარგად იქცევა“. მთელი ფედერაციის საბჭოს წევრები და დუმის წევრები დაირაზმნენ და მიემხრნენ ბიბილოვის ინიციატივას, რომ დრო არის მოახდინონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია რუსეთის შემადგენლობაში. მაშინ საქართველო საერთოდ გაითიშოს მომსახურების ზონიდან, არც გაეროში უნდა იძლეოდეს ხმას და ჰქონდეს ნეიტრალური დამოკიდებულება. თუ ეშინია, უნდა ჩანდეს, რომ ყველგან და ყველაფერში ეშინია, მაგრამ ასე არ არის. რაღაცების უფლებას რუსეთი აძლევს, მაგალითად „უკრაინის კონტექსტში მაკრიტიკე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაბედო და შენი სამშობლოს, საქართველოს კონტექსტში არ მაკრიტიკო“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კვირის პალიტრა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share