ოზურგეთის სახელწოდება პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრებაში“: ,,მაშინ გიორგი გურიელმა ჰყო ეგრეთ დაიჭირა დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრა”. ასევე ოზურგეთს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი: ,,ამ წყალზედ შემოქმედს ქვეით არს ოზურგეთი სასახლე დიდშენი, კეთილპალატოვანი გურიელისა”.
გურიის დედაქალაქის ოზურგეთის სახელწოდების წარმომავლობაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. ისტორიკოსი ენვერ გოგუაძის განმარტებით ამ სახელწოდებაში უმთავრეს როლს განსაზღვრავს მისი გეოგრაფიული გარემო, ,,სტრატეგიული ლანდშაფტი”, ბუნებრივად გამაგრებული ფორპოსტები, ბორცვები, მაღლობები, ზურგა გორაკები. თედო სახოკია კი წერდა: ,,ამბობენ, ოსმალოს ჯარი ძველ დროში ოზურგეთამდე თუ მიატანდა, ამას იქით კი სიარული აღარ შეეძლოთ, რადგან გურულებს ამ ადგილას ზურგი ყოველთვის მაგარი ჰქონდათ, მტერი ვერას აკლებდაო. ამ ნაამბობის შემდეგ კიდევ უფრო დამაჯერებლობა ეძლევა სახელწოდებას… ამ ქალაქისას პრეფიქსი ო, რომელიც მუდამ ემატება სიტყვას თავში, უდრის ქართულ სა-ს. ამ შემთხვევაში ოზურგეთი იგივე საზურგეთია. ამ აზრისაა ოზურგეთის სახელწოდების შესახებ ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილიცა”. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეს ტოპონიმი ნაწარმოებია თურქული სიტყვიდან ოზურგით, რაც თურმე ნიშნავს მოიხადე ბოდიში და წადი. პროფესორი აბულაძე კი სიტყვა ოზურგეთს განმარტავს, როგორც ცეცხლის სახლს. სიტყვის პირველი ნაწილი ,,ოზურ” არის არაბიზირებულიო, სპარსული სიტყვაა ,,ააზურ” რომელშიც დახურული ,,ა” გამოითქმის, როგორც ,,ო” და ნიშნავს ,,ცეცხლსო”, ხოლო მეორე ნაწილი სპარსულივე ქედ ანუ “ქედე” აღნიშნავს სახლს. ის ვარაუდს გამოთქვამს რომ, ცეცხლთაყვანისმცემლობის დროს, ოზურგეთი იყო საკერპო-საკულტო ადგილი, სადაც ღვთაებად მიჩნეული ცეცხლი ენთოო.
ირაკლი მახარაძე