“გააჩერეთ ომი, გემუდარებით!“ – ამ შინაარსის ვიდეომიმართვა ცნობილმა ლატვიელმა მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, აშშ-დან გაავრცელა. ის ამავე ვიდეოში ჰყვებოდა თავის კიეველ მეგობარ მუსიკოსზე, რომელიც ბომბებს თავშესაფარში ემალებოდა.
“ახლა მოგიყვებით ჩემს ისტორიას. დღეს დავურეკე ჩემს მუსიკოსს კიევში, ის იყო ბნელ შენობაში, თავშესაფარში, მასთან ერთად იყვნენ ბავშვები, მას მე ყველანაირი დახმარება შევთავაზე, საპასუხოდ კი მითხრა, – ლაიმა, გაიღიმე, მინდა, ასეთი დაგიმახსოვროო… არა ომს, არა სიკვდილს, გააჩერეთ ომი, გემუდარებით!“ – ამბობს მომღერალი ვიდეომიმართვაში, რომელიც მის “ინსტაგრამგვერდზე” გავრცელდა.
მომღერალი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სადაც თებერვალში, ცხოვრების მეგზურ ანდრეი ლატკოვსკისთან ერთად გაემგზავრა და გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიაში ზაფხულამდე არ დაბრუნდება. მისი ამერიკაში ყოფნის მიზეზი კი ჯანმრთელობის პრობლემებია.
“ახლა არასად ვჩნდები, რადგან საკუთარი ომი მაქვს, რომელსაც უნდა გავუმკლავდე. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ახლა არასწორი იქნება საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი“, – ამბობს მომღერალი ერთ-ერთ გამოცემასთან. მას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს სწორედ აშშ-ში ყოფნისას დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, ის წლების განმავლობაში ებრძოდა ავადმყოფობას და როგორც ამბობდა, მოახერხა და დაამარცხა.
ამჯერად ძველმა ავადობამ შეახსენა თავი თუ სხვა პრობლემები აქვს, უცნობია. 68 წლის ვაიკულე ამბობს, რომ მუდმივად ხაზზეა უკრაინელ მეგობრებთან.
“ჩემი უკრაინელი მეგობრები უძლებენ ამ ყველაფერს, ეს ნიშნავს, რომ მეც უნდა გავუძლო…“ – ამბობს ის.