”როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტება კადრს მიღმა რჩება, ერთი მხარე ახდენს მაქსიმალურად დრამატიზებას და მეორე მხარე ამბობს, არაფერი მომხდარაო. სინამდვილეში არის პრობლემა. ასეთ დროს კითხვები უნდა ისმოდეს, როდესაც სანქცირებული სუბიექტია და არც თუ უბრალო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელია, რომელიც განსაკუთრებულ კონტროლზეა დღეს გლობალური გაგებით აყვანილი. აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეს კითხვები, მით უმეტეს, როდესაც ასეთი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან ხდება და ამ გლობალურ ომში, მოგეხსენებათ, სანქციები არის მთავარი იარაღი. ეს დასავლეთისთვისაც ძალიან სენსიტიური თემაა და ამ კითხვებზე უნდა მივიღოთ პასუხი ხელისუფლების მხრიდან, უნდა გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე, რაზეა საუბარი.
რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ ჭრილს, არის მორალური ნაწილიც, როცა ყველამ თავისი დასკვნა, შეფასება უნდა გააკეთოს. საკითხი თავისთავად საყურადღებოა, თუმცა ჩვენ წინასწარ რომ ვისაუბროთ, კრიმინალთან გვაქვს საქმე, ესეც არ შეიძლება, რადგან არ ვიცით, რეალურად რაზე იყო საუბარი, რა როგორ იყო და ა.შ. სხვა საკითხია, ჩვენს პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ტყუილი არის პოლიტიკის ნაწილი, ეს განცდა არის და დადასტურებულიც იქნება, რომ შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრსა და ვლადიმერ ევტუშენკოვის წარმომადგენელს შორის, პრემიერ-მინისტრი კი ამას უარყოფს. როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ პრემიერ-მინისტრი ტყუილს ამბობს, ეს თავისთავად პრობლემაა, ან რაში სჭირდება ასეთი ტიპის ტყუილი მას, გაუგებარია.
არის ოფიციალური განცხადებები და პირადი მოსაზრებებიც და ესეც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. არესტოვიჩი, მაგალითად, ხშირად პირად მოსაზრებებს გამოთქვამს, შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს, მაგრამ ეს არ არის უკრაინის პოზიცია. მაგრამ ის, რომ მათ აქვთ კითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან, ეს კითხვებიც ლეგიტიმურია. მეც გამიჩნდებოდა მათ ადგილზე ასეთი კითხვები. ქვეყანა არის ომში, ჩვენ დღეს, პრაქტიკულად, სინქრონიზებული უნდა ვიყოთ უკრაინასთან და დასავლეთთან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ომის შიში აქცია ქვაკუთხედად და არ უერთდება იმ პოლიტიკას, რასაც დასავლეთი აწარმოებს რუსეთთან. ამას ამართლებს იმით, რომ, თურმე, ჩვენ რაღაც ნაბიჯი რომ გადავდგათ, მაშინ აუცილებლად დაიწყება ომი.
თუმცა რატომ დაიწყება ომი, ეს გაუგებარია. რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ დაუწესა რუსეთს სანქციები, მაგრამ ომი არსად დაწყებულა. დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებაში ამკვიდრებს რუსეთის მიმართ შიშს და ეს აქვს მთავარ პროპაგანდისტულ გზავნილად აღებული, რაც ჩემი აზრით, აზიანებს სახელმწიფო ინტერესს. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლებას ამაზე აქვს მტკივნეული რეაქცია და ესეც გასაგებია.
რაც შეეხება კონკრეტიკას, სანქციების გვერდის ავლის თემას, ასეთი რომ გაჩნდეს არსებულ სიტუაციაში, ეს არ არის გასაკვირი, შესაძლებელია, გარკვეული ინფორმაციაც ჰქონდათ მათ. ის, რომ რამდენიმე ათასი რუსია საქართველოში ჩამოსული და მათი უმრავლესობა არ ჰგავს ტურისტს, შეიძლება ამანაც გააჩინოს ეჭვები. რა თქმა უნდა, შეიძლება და იმ საკითხმაც, რომ რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები მკვეთრად გაიზარდა საქართველოში, ესეც შეიძლება გახდეს ეჭვის საფუძველი.
ეს ყველაფერი ხდება და ნაცვლად იმისა, რომ კითხვები არის და ამას უპასუხო, აქედან ულტიმატუმებით ელაპარაკო და შეურაცხყოფილი, წესიერი ადამიანის პოზა მიიღო, არ შეიძლება. შენ უნდა გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია შენს მეგობარ ქვეყანასთან და უნდა გაუქარწყლო, თუ ეჭვები აქვს და უნდა უთხრა და აუხსნა, ეს თუ ასე არ არის. მაგრამ როდესაც შენ მორღვეული გაქვს საზღვარი, ესეც ხომ ჩვენი უსაფრთხოების თემაა და არა – უკრაინის. იმ პირობებში, როდესაც რუსეთს დაწესებული აქვს უმკაცრესი სავიზო რეჟიმი, საქართველოდან ბუზი ვერ შეფრინდება რუსეთში და, ამის პარალელურად, შენ მორღვეული გაქვს ამ ომიანობის დროს მათი მოქალაქეებისთვის საზღვრები, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. ასე რომ, რატომ გვიკვირს მათი განცხადებები, გაუგებარია. კი, შეიძლება ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი ზედმეტს იღებს თავის თავზე, ესეც გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საპრეტენზიო ჩვენს მიმართ არ აქვთ ამ მძიმე ვითარებაში.
ჩვენ გარდა პოლიტიკურისა, მორალური ვალი გვაქვს ამ ქვეყნის, იმიტომ, რომ მათგან ჩვენ უპირობო და ღია მხარდაჭერას სულ ვგრძნობდით. იმათაც იგივე უნდათ და ბრაზობენ, ჩვენ იმავეთი რომ არ ვპასუხობთ. ჰუმანიტარული მიმართულებით ცოტას მაინც რომ ვაკეთებთ, ეს კარგია.” – აცხადებს ხუხაშვილი.