ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან შეთანხმებაზე ხელმოწერის მიუხედავად, პარტიას არ უნდა მიეღო.
დეკანოიძის თქმით, სანამ მათი პარტიის თავმჯდომარე ციხეშია, ვერ იქნება “მორალურად გამართლებული” ხელმოწერის გადაწყვეტილება.
“ჩემი პოზიცია (რომელიც მე ეთერშიც მაქვს დაფიქსირებული) იყო, რომ ნიკა მელიას გარეშე, მისი დაჭერის შემდეგ მოლაპარაკებებში ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ უნდა მიეღო. არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ან პოლიტიკური კომპრომისი არ მესმის, არამედ გულწრფელად მჯერა – ეს იქნებოდა ენმ-ის ყველაზე პრინციპული და უკეთესი პოზიცია.
დღეს განსაკუთრებით. ახლაც ამ აზრზე ვარ: პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული.
P.S. პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის მათ, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, ასევე ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობას”, – წერს დეკანოიძე.
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში მოაწერეს.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.
ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.