ქართული ოცნების დამფუძნებელი და ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. PR კომპანია, რომელიც ივანიშვილსა და Credit Suisse-ისგან სხვა დაზარალებულებს ემსახურება, აცხადებს, რომ Green Vals Trust-მა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებები დაარღვია და მათი ინტერესები არ დაიცვა.
გავრცელებული განცხადების თანახმად, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხა მოითხოვეს, რწმუნებულმა კომპანიამ კი ტრანზაქციაზე თანხმობა მხოლოდ 4 აპრილს გასცა, რამაც ბენეფიციარებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ზიანი მიაყენა.
Green Vals Trust-მა შეფერხების მიზეზად “აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო” დაასახელა, რაც მას ძირითადი ფუნქციების შესრულებაში ხელს უშლიდა. PR კომპანია აცხადებს, რომ ბენეფიციარებს, მათ შორის, ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და მათ წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. თუმცა, წარმომადგენელი თვლის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებულია Green Vals Trust-ის მიერ, არამედ Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლის მსხვერპლია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 მარტის მოთხოვნის შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, ვინაიდან რწმუნებული კომპანია იმავენაირად მოიქცა ივანიშვილის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გაცემული ინსტრუქციის დროსაც, რომელიც თანხების შემდგომ გადანაწილებისა და გადასაჭრელ პრობლემებს შეეხებოდა. კომპანია აცხადებს, რომ თანხის გაცემის პროცესი კვლავ ბენეფიციარების უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რწმუნებულის მიერ მართული თანხები არ არის დაკავშირებული არცერთ სამართლებრივ დავასთან და ეს აქტივები ფინანსური სტრუქტურებისგან დამოუკიდებელია.
“ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გრძელდება მისი აქტივების მართვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც რწმუნებულის მოქმედებები ტოტალურად ეწინააღმდეგება მის მიზანსა და პრინციპებს. რეალობა არის ის, რომ Green Vals Trust-ის მოქმედებები ურთიერთგამომრიცხავია, არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და ქმნის სახიფათო პრეცედენტს.
ბენეფიციარების ეს პოზიცია მკაფიოდ ჩამოყალიბდა 2022 წლის 14 და 29 აპრილის წერილებში, ხოლო მათზე რწმუნებულს პასუხი არ გაუცია, რადგან ცხადია, რომ მას სათქმელი აღარაფერი აქვს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბანკი მის ქმედებასა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს, რაც იღებს პოლიტიკური ზეწოლის ფორმას, თუ ეს სხვა ფაქტორებით არაა განპირობებული. კლიენტს საკუთარი ახსნა აქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალებს შესაბამის დროს მოგაწვდით. ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო დავას ან მის შედეგებს – სამართლებრივი დავების შედეგები ძირითადად ნათელი და განჭვრეტადია”. – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
PR კომპანიის ცნობით, უახლოს კვირებში ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიასთან რამდენიმე პრესკონფერენციის მოწყობას აპირებს, რათა “დეტალურად აჩვენოს როგორ მუშაობს Credit Suisse, ზოგადად შვეიცარიის საბანკო სისტემა და რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირებისას”.
შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.