შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14 მაისიდან უცხოეთიდან გამოწერილ ამანათებს მომსახურების ახალი საკომისიო ემატება.
უწყების განმარტებით, ცვლილება თვითმომსახურების ელექტრონული სერვისების წახალისებისთვის არის მიღებული, რადგან მომხმარებელს eCustoms-ის მეშვეობით ამანათის წინასწარი გატარების შემთხვევაში უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ამ ოპერაციის ფიზიკურად გეზ-ში შესრულება ეღირება.
შემოსავლების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია:
თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისება, მათ შორის, დეკლარანტების/მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასურების შემოღება;
საქონლის საბაჟო დეკლარაციების „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ შევსებისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საქონლის დეკლარირების წახალისება, რის ფარგლებშიც ფართოვდება იმ პროცედურების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელია საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, თვითმომსახურებისა და საქონლის წინასწარი (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირების წახალისების მიზნით, ქვემოთ მოცემული საბაჟო პროცედურებისთვის მომსახურების საფასურები განისაზღვრა შემდეგნაირად:
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის არასამუშაო დროდ განისაზღვრა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე პერიოდი, შაბათს − 21:00 საათიდან ორშაბათის 10:00 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები. ამასთანავე, გაფორმების ორგანოებში არასამუშაო დროს შეიზღუდება ისეთი საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ საქონელს.
ნორმატიული აქტი, ასევე მოიცავს შემდეგი მიმართულებებით ცვლილებებს:
კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა და გაფორმება;
მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით სარგებლობა;
მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების ასლების გაცემა;
ფიტოსანიტარიულ ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომისათვის, შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურება;
საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის გაფორმება;
სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მიზნით სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება.
სრულად ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ თვითმომსახურების წახალისება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს და ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში შემოთავაზებული იქნება სხვა სიახლეებიც.