ვინ არის გოგონა, რომელსაც უშეშობის გამო, მცირეწლოვან შვილთან ერთად ორი დღეა, გაყინულ სახლში უწევს ცხოვრება.
”გურიის მოამბე” შეეცადა გაერკვია იმ ადამიანის ვინაობა, ვის შესახებაც ავთნდილ თალაკვაძის გვერდზე დღეს დახმარება ფეისბუქმომხმარებელმა, ბელუსი ბელუსი-მ ითხოვა.
გავარკვიეთ, რომ ქრისტინა სიხარულიძე 23 წლისაა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, სოციალურად დაუცველთა სახლში, სამი წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობს.
”ორი დღეა, რაც გათოვდა და საშინელი სიცივეა გარეთ. მე და ჩემი სამი წლის შვილი ვიყინებით,გეფიცებით საწოლიდან საერთოდ არ ვდგებით – ასე დაიწყო ”გურიის მოამბესთან” საუბარი 23 წლის მარტოხელა დედამ.
როგორც ქრისტინა სიხარულიძე გვიყვება, ის შვილთან ერთად სამი თვეა , რაც საცხოვრებლად ამ ბინაში გადმოვიდა. მისი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, რომელიც 200 ლარს შეადგენს: “თვეში მხოლოდ 200 ლარი გვაქვს და მას წამლებსა და საკვებზეც ვერ ვანაწილებ, ძლივს ვიხდი ელექტროენერგიის გადასახადს. დღეს წამლები უკვე არ მქონდა და ჩემმა მეგობარმა მისწერა გიორგი სირაძეს-ჟორიკას (ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი , ”გახარია -საქართველოსთვის”), რომელიც მოვიდა და წამლები მომიტანა. უდიდესი მადლობა მას ამისთვის. რომ არა ის, დღეს წამლებს ვერ მივიღებდი, რაც ჩემთვის არაფრით არ შეიძლება.”
ქრისტინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მან ახლახანს გაიკეთა რთული ოპერაცია, რის გამოც კვლავ მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, წამლების საყიდელი ფული კი არ აქვს.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ქრისტინა მუშაობასაც ვერ ახერხებს.
როგორც ქრისტინა გვიყვება, აქამდე ბავშვს ძრითადად ბაღის საკვებით კვებავდა. ახლა კი წუხს, რომ ხვალიდან ბაღში არდადაგები დაიწყება და მის პრობლემებს ახალი პრობლემაც დაემატება: “აქამდე ბაღი იყო და ბავშვი ბაღში დამყავდა, სადაც თბებოდა და საკვებიც ჰქონდა. დღეს ვეღარ გავუშვი გაციებული იყო და ხვალიდან ისედაც ისვენებს ბაღები და ახალი პრობლემებიც დაგვემატება.” – ამბობს ის.
ქრისტინა სიხარულიძის ყველაზე დიდი პრობლემა, სახლში აუტანელი სიცივეა. მას არ აქვს გათბობა, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება. მან შეშით დახმარების თობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, თუმცა დაპირებას დღემდე ელოდება:
“მერიაში განცხადება დატოვებული მაქვს შეშით დახმარების თაობაზე,მათ უარი არ უთქვამთ, მაგრამ დღემდე ველი და ამ ყინვაში ძალიან რთულია სიცივის ატანა სამი წლის ბავშვთნ ერთად.”
ქრისტინას არავინ ჰყავს , ვინც მცირეოდენ დახმარებას მაინც აღმოუჩენს. მას მხოლოდ ავადმყოფი დედა ჰყავს, რომელიც ცალკე ცხოვრობს და თვითონ საჭიროებს დახმარებას.
დროდადრო მას კეთილი ადამიანები ეხმარებიან- ცოტა ხნის წინ ქრისტინა და მისი შვილი ქრისტინა ორაგველიძემ მოინახულა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს მფარველობს. ქრისტინა ორაგველიძემ მარტოხელა დედას ნაძვის ხე და საკვები მიუტანა.
ქრისტინა სიხარულიძე მადლობას უხდს ასევე გიორგი ღურჯუმელიძეს (ოზურგეთის მერის მოადგილე), რომელმაც რამდენიმე დღის წინ 50 ლარი საკუთარი ჯიბიდან ჩაურიცხა: ” რამდენიმე დღის წინ 50 ლარი გადმომირიცხა გიორგი ღურჯუმელიძემ თავისი საკუთარი ფული და მითხრა, რომ ამ წუთში ამის მეტი არ მაქვს და ამით წამლები იყიდეო. არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან, მაგრამ ამ წუთში, ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბავშვი სიცივით არ გამეყინოს. ვთხოვ , მერიას, იქნებ დახმარება გამიწიოს.”
ქრისტინა სიხარულიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მას დახმარების ხელი გაუწოდა.