თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო – წულუკიანი გვარამიაზე

“ფაქტები არის მაგალითად ის, რომ როდესაც ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდით, მე პირადად ვხედავდი, რომ ნიკა გვარამია, როგორც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი, რომელიც კერძო კომპანიაა, დაკავებული იყო, როგორც ამას სალაპარაკო ენაზე ვუწოდებთ ხოლმე, კომპანიის კუთვნილი თანხების სწრაფი ტემპით გადაქაჩვით მის მიერვე დაფუძნებულ კერძო კომპანიაში. ის არის ყოფილი პროკურორი, ის ჩემსავით კარად ხვდებოდა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს სტრასბურგში ვერ მოიგებდა, ამიტომაც ის იყო თანხების გადაქაჩვით დაკავებული „რუსთავი 2“- დან მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში. ეს არის ფაქტი და რეალობა, ამისთვის მიესაჯა ის, რაც მიესაჯა.

როდესაც სტრასბურგის სასამართლოში დავას ვაწარმოებდი, მე თვითონ ფაქტებით ვხედავდი, რომ მისი მთავარი მიზანი იყო სისწრაფე და საუკეთესო შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის გაკოტრება, რომ აზრი აღარ ჰქონოდა ამ კომპანიის კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას. მან ეს ბოლომდე ვერ შეძლო, მაგრამ შეძლო ის, რომ შვიდი მილიონ ლარამდე ქონებრივი უფლებები გაფლანგა მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის და მისივე პირადი ინტერესების სასარგებლოდ. თუ ეს არ არის დანაშაული, მაშინ არ ვიცი, რა არის დანაშაული. ამიტომ, ყველანაირი თავში ცემა, რომ ეს რა კარგი ბიჭი დავკარგეთ, არის უსაგნო, უსაფუძვლო სამართლებრივად. მე „რუსთავი 2“-ს ვუსურვებ ამ თანხების როგორღაც დაბრუნებას, სამართლებრივი ბერკეტები არის ამის, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ეს დავა შეიძლება ცოტა გართულებული იყოს, რადგან დრო არის გასული. მესმის, რომ რეალობა მწარეა. არ მიკვირს იმ ადამიანების კრიტიკა, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა, ვინც თავის დროზე ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მიტაცებულიო“

ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ნიკა გვარამიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share