ასეთი რამ არცერთი მთავრობის ვიცე პრემიერს არ გაუკეთებია – ღარიბაშვილის მოადგილე, თეა წულუკიანი, ქვეყნის მეგობრებს ევროკავშირიდან და ამერიკიდან სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. წულუკიანი სამთავრობო არხზე ამბობს, რომ “უცხოელების ვიწრო” ჯგუფს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საქართველოს მთავრობის “გადაყირავების” ინტერესი აქვს.
წულუკიანის თავდასხმის ობიექტები, ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი და ანა ფოტიგა გახდნენ. კულტურის მინისტრმა პოლიტიკური ცეცხლი გახსნა აშშ-ს ყოფილი ელჩის იან კელის მისამართითაც. მეტიც მთავრობის წევრმა, საქართველოს უცხოელ მეგობრებს “უცხოელი ნაცებიც” უწოდა.
ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს მგონი, თავის საარჩევნო ოლქში აღარ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამის უფლება აქვს. ასევე არის ბატონი იან კელი…
,,ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, მოგვყიდოს, რომ ესენი არიან თვით ევროპა… ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწროპარტიული, ნაციონალებთან ერთად ინტერესი, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა იმიტომ, რომ ისინი არ გთვლიან მათ მეგობრებთან.
ნაციონალებს ჰგონიათ, რომ თუ ახლა ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, თვით დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას. ეს ასე არ არის. იან კელი იყო ჩვენთან ელჩი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ძალიან არ უყვარდა მას საქართველო…”- თქვა წულუკიანმა “ტვ იმედის” ეთერში.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი “დიდად არ აღელვებს”.
ძალიან ბევრი ფაქტი და შეხვედრა მახსოვს, როცა უცხოელი შეურაცხყოფდა იუსტიციის მინისტრს, შეურაცხყოფდა მთავრობას და ეუბნებოდა, შენ არ იცი, მე ვიცი. ეს ბრალდება არაა, ბრალდება არის, როცა ამას დამტკიცება სჭირდება. ბრალდებაა, მაგალითად გაიხსენეთ, როდესაც იგივე ქალბატონი ფონ კრამონი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საქართველო დიდად არ აღელვებს და არც ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ თავის ნაციონალ მეგობრებს გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს არ არის ბრალდება, ეს ფაქტია” დასძინა მინისტრმა.