მიხაილო პოდოლიაკი არის “ჭე” კლასის პოლიტიკოსი და რიგითი ჭანჭიკი უკრაინის მთავრობაში – ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა. ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც მან პრორუსი ოლიგარქების დასანქცირება მოითხოვა და მათ შორის ივანიშვილიც დაასახელა.
ზარქუამ ბიძინა ივანიშვილი დაიცვა:
“პოდოლიაკი და კიდევ მისი ძმანი მისნი, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის “ჭე” კლასის, თუ არ ვცდები ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ და რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის ის მაგარი ბიჭები, მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც მათი არასწორი განცხადების და პოლიტიკის გამო და ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ახლა შენ ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო გაჭირდება. ეს არის ფასიანი ლობისტი სავარაუდოდ სააკაშვილის, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული, უამრავი ჰყავს მათ შორის მთავრობაში, მათ შორის და ამიტომ ამაზე დროს ნუ დამაკარგვინებთ. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში”, – ამბობს ზარქუა
შეგახსენებთ, რომ მიხაილო პოდოლიაკმა რადიო “მაესტროსთან” ინტერვიუში თქვა,რომ ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. საქართველოში ასეთი ბიძინა ივანიშვილია.