გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე დროულ რეჟიმში ტვირთების გატარებას მხარეები ვერ ახერხებენ. პრობლემებია საზღვაო საკონტეინერო ტვირთების დროულ განბაჟებასთან დაკავშირებითაც.
ახალი არ არის, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მიმართ, თუმცა ფაქტია, ტვირთნაკადს საბაჟო გამშვები პუნქტები დროულად ვერ უმკლავდებიან, რის გამოც თითქმის ერთ თვემდე ტრაილერებს კილომეტრიან რიგებში ყოფნა უწევთ.
როგორც ლოგისტიკური კომპანია DTS-ის გენერალური დირექტორი BM.GE-სთან აცხადებს, ქვეყანა გაზრდილ ტვირთნაკადს მოუმზადებელი შეხვდა. პირობითად, თუ სატრანზიტო დრო ჩვეულებრივ პირობებში 7 დღე იყო, ახლა ეს დრო მინიმუმ 20-25 დღემდეა გაზრდილი. მისი თქმით, შექმნილ მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ადამიანური რესურსის დამატებაა.
“ჩვენი სფერო საკმაოდ დიდ გამოწვევებს შეხვდა. ძალიან არის გაზრდილი ტვირთნაკადი უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან, რამაც საზღვრებთან დიდი საცობები გამოიწვია, არის კილომეტრიანი რიგები და სჭირდებათ დაახლოებით 1 თვე იმისთვის, რომ მანქანებმა საზღვარი გადმოკვეთონ და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ.
ვიმედოვნებთ, რომ რკინიგზის და სახმელეთო გზის ინფრასტრუქტურა მალე გამოსწორდება და გაიხსნება ყველანაირი კორიდორი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ტვირთების დროული გადამუშავება შეფერხების გარეშე.
ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანური რესურსის გამოყოფაა საჭირო იმისთვის, რომ დროულად მოხდეს გამშვები პუნქტებიდან მანქანების გაშვება, გაფორმება და ტრანზიტულ რეჟიმში ტვირთების გატარება. ვთვლი, ყველა მხარის პასუხისმგებელი პირების მხრიდან ჩართულობა, ადამიანური რესურსის დამატება და ამ პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო,“ – აცხადებს თამარ მექვაბიშვილი.
კომპანიებს პრობლემები ექმნებათ არამხოლოდ სახმელეთო გზით ტვირთების დროულ მიწოდებასთან დაკავშირებით, არამედ ხარვეზებია საზღვაო საკონტეინერო ტვირთების დროული მიღების მიმართულებითაც. როგორც კომპანია Wishlist-ის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე bm.ge-სთან განმარტავს, თუ აქამდე ტვირთის მიღება ერთი კვირის ვადაში იყო შესაძლებელი, დღეს მოცდის პერიოდი გაორმაგებულია. მისივე თქმით, გაზრდილი ტვირთნაკადის საპასუხოდ, არათუ გაიზარდა მომსახურების პერიოდი, პირიქით, ფოთის საბაჟოზე სამუშაო საათები შეამცირეს.
„ლოგისტიკური ხაზები ძალიან შემცირდა. დღესდღეობით საქართველოში შეიძლება ითქვას ერთადერთი ლოგისტიკური გზა სარფია, სადაც კოლოსალური რაოდენობის ტრაილერების რიგია. 2000-4000 მანქანა დგას რიგში. საბაჟო კუთხით ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. მაგალითად ის, რომ ფოთის საბაჟო ამცირებს სამუშაო საათებს. როცა ახლა არის სეზონი და კოლოსალურად არის გაზრდილი ტვირთების შემოდინება, პირიქით საბაჟო საათები მცირდება, რაც კიდევ უფრო ამცირებს მიწოდების ვადებს. შესაბამისად, როცა დეფიციტი იქმნება, ქვეყანაში იზრდება ფასებიც,“-აცხადებს სალომე ქუთათელაძე.
რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს სახელმწიფო გაზრდილი ტვირთბრუნვის და საბაჟოზე წარმოქმნილი რიგების ფონზე, გუშინ შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული და გაზრდილია მათ შორის მებაჟეების რიცხვიც.
ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენად გაიზარდა ტვირთების ნაკადი საქართველოს სატრანზიტო დერეფანში, ეკონომიკის სამინისტროს თვეებია ეს მონაცემები არ განუახლებია. უწყებამ bm.ge-სთან შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადებიც დაარღვია.
შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ პრესრელიზში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ბოლო ერთ თვეში მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტ – “სარფის” გავლით საქართველოს ტერიტორიაზე 17 390 სატვირთო ავტომობილი შემოვიდა, ხოლო საქართველოდან 13 400 სატრანსპორტო საშუალება გავიდა.
ამასთან, საჯაროდ ხელმისაწვდომია ინფორმაცია, თუ რამდენმა სატრანზიტო ტრაილერმა გაიარა საქართველოს დერეფანში. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ასეთი 82 ათასი ტრაილერია, რაც 21,6%-ით მეტია გასული წლის პირველი 3 თვის მაჩვენებელზე.