“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, დასჯილი უნდა იყოს” – ღარიბაშვილი გვარამიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ქარელში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ყოფნისას, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ დეტალებში ვერ შევა, თუმცა მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, უნდა დაისაჯოს:

“ვერ შევალ დეტალებში და ვერ გავაკეთებ კომენტარს ბატონი ნიკა გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, დასჯილი უნდა იყოს. ასეთია ნებისმიერი სამართლიანი და ცივილიზებული სახელმწიფოს მოწყობა. თუ გვინდა ვიყოთ თანამედროვე და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პირველ რიგში კანონის უზენაესობაა დაცული, მაშინ არ უნდა გაგვიჩდეს კითხები.

მინდა ვთქვა, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა, ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით, რომ ეს არ არის ჩემი საზრუნავი. ამისთვის გვყავს პროკურატურა და სასამართლო, რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ანგარიშვალდებული და ღია გახდა. ამ პერიოდში უამრავი რეფორმა განხორციელდა და მთელი ევროკავშირის წევრების მასშტაბით, საერთო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ წინ ყველა მიმართულებით,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share