მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკაში გადაინაცვლა და ახლა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილეა. პოპულარული მუსიკოსი უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. ვფიქრობ, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას დღემდე ვერ გაუანალიზებია, რომ საბჭოთა კავშირს ვეღარ აღადგენს და მის მეზობელ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დამოუკიდებლობა სჭირდებათ. სამწუხაროდ, საქართველოს და უკრაინას ერთნაირი ხვედრი ერგო, ეს ხომ ჩვენთვის ძალიან ახლობელი, მეგობარი ერი და ქვეყანაა! ალბათ არავინ ელოდა, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ ასეთ აგრესიას გამოავლენდა. სამწუხაროა, რაც დღეს ხდება; ყველაზე მძიმე მაინც ისაა, რომ ამ ომს უდანაშაულო ხალხი ეწირება! აშკარაა, რუსეთი უკრაინას დამოუკიდებელი განვითარების საშუალებას არ აძლევს. არ მეგონა, რომ ეს ომი დაიწყებოდა, მით უმეტეს, რომ მონათესავე ერები არიან. ისიც არავის ეგონა, თუ უკრაინელები ამდენ ხანს გაუძლებდნენ. მოლოდინი მაქვს, რომ ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუ მსოფლიო ლიდერები მის შეწყვეტას არ მოინდომებენ. დიპლომატია მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია, საქმე ომამდე არ უნდა მიდიოდეს, რადგან ერთი ბავშვის სისხლი და ცრემლი არ მიღირს იმად, რაც ხდება უკრაინაში, სირიაში ან სხვა ქვეყნებში. ამ უბედურებაზე ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. მსოფლიო თანამეგობრობამ ორივე ქვეყნის ლიდერები ერთად უნდა დასვას და მოლაპარაკება დაიწყოს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სიტუაციის განტვირთვა და მოგვარება. ის, რაც 2008 წელს მოხდა, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში დატრიალდა, ახლა უკრაინაში მეორდება. რუსეთი ის ქვეყანაა, რომლის დაქირავებული მეომრები აფხაზეთში ჩვენი ბიჭების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. როგორია რუსული არმიის ქმედებები, ქართველებმა ყველაზე უკეთ ვიცით.