თამარ კორძაია აშშ-ს საუნივერსიტეტო კლინიკას მიმართავს და ოფიციალურ წერილს აგზავნის, მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე – პირადად ვაგზავნი თხოვნას “ემორის” საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომ მათ გამოხატონ მზაობა კომპლექსური სამედიცინო დახმარების ჩატარების მიხეილ სააკაშვილისთვის – განაცხადა კორძაიამ საგანგებო ბრიფინგზე.
კორძაიას თქმით, ამ ნაბიჯით, ერთხელ და სამუდამოდ ობიექტური და მიუკერძოებელი მედიკოსების დასკვნით, გაირკვევა რამდენად ადეკვატურია ის მკურნალობა, რომელსაც მესამე პრეზიდენტი საქართველოში იღებს და გამოიღებს თუ არა შედეგს ეს მკურნალობა.
“იცით, რომ მე გასულ კვირას მივმართე იუსტიციის მინისტრს და ვთხოვე მოეწვია აშშ-ის „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზა, თუ ისინი თვლიან, რომ საქართველოში ექიმები, ყველა მოსყიდული ჰყავს სააკაშვილს. ამასთან დაკავშირებით მივიღე სრულიად აგდებული პასუხი. რატი ბრეგაძე დაინტერესდა, რა სამედიცინო განათლება მაქვს. აქვე ვპასუხობ, რომ ის, რაც მას აქვს. როგორც იურისტი მას მივმართავ, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პროცესის მონაწილე მხარეს, უფლება აქვს მოითხოვოს ექსპერტიზა და სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ეს. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო აყოვნებს, ხოლო იუსტიციის მინისტრი არაფერს აკეთებს, რომ ეს განხორციელდეს, მე დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, პირადად ვაგზავნი თხოვნას „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რათა მათ გამოხატონ მზაობა კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კორძაიამ.
ვივა მედში ყოფნის მე-13 დღეს კი ისევ უცნობია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის შედეგი. კლინიკა დასკვნას ამ დრომდე არ ასაჯაროებს. მესამე პრეზიდენტის ექიმები კი ამბობენ, რომ სრული განკურნება ვივა მედში შეუძლებელია და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადასაყვანია საზღვარგარეთ კლინიკაში.
მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და მასთან პალატაში ალტერნატიული კომისიის ექიმების დაშვების შუამდგომლობას მისი ადვოკატები სასამართლო სხდომებზე ითხოვენ, თუმცა შუამდგომლობაზე პასუხი ამ დრომდე უცნობია. ხვალინდელ სასამართლოზე უნდა გაირკვეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი და შეუშვებს თუ არა ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან.