აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, ამბობს, რომ დროა აშშ-მა საქართველოს მთავრობას მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს, რომ ის არასწორი მიმართულებით მიდის.
ამის შესახებ კელიმ “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.
კელიმ, გადაცემაში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მისი და დევიდ კრამერის საერთო სტატია განიხილა. მისი განცხადებით, სტატიაში ჩამოთვლილი იყო ის არგუმენტები, რომლებიც “აჩვენებს, რომ მთავრობას არასწორი კურსი აქვს არჩეული”, მათ შორის საუბარია ძალაუფლების სრულად ხელში ჩაგდებაზე, ასევე ოპონენტების მარგინალიზაციასა და დაკავებაზე.
იან კელიმ ასევე ისაუბრა უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაზე და თქვა, რომ ოლიგარქებს, რომლებიც იმ ქვეყნებში ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, გარკვეული სახის სანქციები დაუწესდათ. კელის თქმით, დროა სანქციები დაუწესდეს საქართველოშიც ძალას, რომელიც კულუარულად მოქმედებს.
“მიგვაჩნია, რომ დადგა დრო შეერთებული შტატებისთვის, მსგავსი სანქციები დაუწესდეს იმ ძალას, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული, რომელსაც ვხედავთ საქართველოში. ამერიკამ დააწესა შეზღუდვა მოგზაურობის თვალსაზრისით კოლომოისკიზეც უკრაინაში, მოლდოვას ოლიგარქზეც და სამწუხაროდ, საქართველო იგივე გზით მიდის, სადაც არსებობს ძალა, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული, მოქმედებს კულუარებში. ჩემთვის არ არის ამის თქმა სასიამოვნო, მაგრამ აშშ-მა უნდა გააგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი, აჩვენოს, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ არასწორი გზა აირჩია და არასწორი გზით მიდის”,- თქვა კელიმ. [სინქრონული თარგმანი]
გადაცემაში დიპლომატი ასევე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის მიმართ, სავარაუდოდ აშშ-ს საელჩოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ლაშა ჩხიკვაძე პროგრამიდან მოიხსნა და შტატებში ვეღარ მიემგზავრება.
კელი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და სამართლიანად მიიჩნევს, აშშ-მა გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს პირებს, რომლებიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
“აშშ და საქართველო ორივე სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ გაგვაჩნია უფლება უარი ვუთხრათ შესვლაზე ნებისმიერ პირს, რომელიც მიგვაჩნია, რომ მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და თუ კი სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ ჩართული ყოფილიყო პროგრამაში, რომელიც ფინანსდება აშშ-ს მიერ და რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაზრდელად, უფლებამოსილი იყო ეს უარი. ეს ფინანსდება გადამხდელისგან და გადასახადის გადამხდელს ალბათ, არ ესიამოვნება ისეთი ადამიანის დაფინანსება, რომელიც არის მოსამართლე, მაგრამ რეაგირებს აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილებზე და მათ ასრულებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მე ტაშს ვუკრავ საელჩოს ასეთი ქმედებისთვის”,- თქვა კელიმ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”