“დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ” – ამ განცხადებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს ქადაგებასთან დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება.
ჯაღმაიძე წერს, რომ საზოგადოების ნაწილს მეუფე შიოს ქადაგებაში “არ მოეწონა” ქვეყნის მშვიდობიანი კურსი.
“ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან.
საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს, (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს.
არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი.
მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება, ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ რაიმე სახის მოწოდებას. აი ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა.
“ღვთისმოყვარენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თვით ამათ მოსწონთ მრავალნი”. ანტონი დიდი”,-წერს ჯაღმაიძე.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ 23 მაისს ქადაგებისას აფხაზეთის დღეზე ისაუბრა.
“ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც…”,-თქვა მეუფე შიომ 23 მაისის ქადაგებაში.