ლარი მყარდება, თუმცა პროდუქტებზე ფასები ისევ არ იკლებს – გაძვირებულია როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილზე წარმოებული პროდუქტები.
ფასები კი არ მცირდება, უმეტეს შემთხვევაში, იმატებს. ამ ყველაფერს ადგილობრივი მწარმოებლები საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტების გაძვირებით ხსნიან და ამბობენ, რომ ფასების კლებაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია.
ფასი არ იკლებს არც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე – პურზე. უფრო მეტიც, მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა, ფასმა კიდევ უფრო მეტად მოიმატოს.
ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბლის მარაგი ამოწურულია. ფქვილის შემოტანის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მასზე საიმპორტო გადასახადს ქვეყანა არ იხდის.
ლარის გამყარებამ შედარებით პოზიტიური გავლენა იქონია საწვავის ფასზე. ნავთოპროდუქტების იმპორტიორები ამბობენ, რომ ფასი ბოლო 1 თვეში 30 თეთრით არის დაკლებული.
ჯერ არავინ იცის, ლარი გამყარებას როდემდე გააგრძელებს, თუმცა ეკონომისტების პროგნოზი არადამაიმედებელია. ისინი ამბობენ, რომ ივნისის ბოლოს ლარის გაუფასურება გარდაუვალია.
ტვ პირველი