“ბაზარზე კვალიფიციური კადრების ძალიან დიდი დეფიციტია – სპეციალისტები უცხოეთში გადიან”

“დღე არ გავა, რომ რომელიმე დიდმა კომპანიამ ერთმანეთში არ განვახორციელოთ ზარი და ვუთხრათ, რომ აი ამ მიმართულებით მიჭირს, კადრები არ მყავს და ხომ არ შეგიძლია გუნდი მომახმარო. ბაზარზე კვალიფიციური კადრების ძალიან დიდი დეფიციტია ” – ამის შესახებ გადაცემა რედაქტ2-ში ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ენერგონის“ გენერალური დირექტორი საუბრობს.

როგორც გიორგი მირცხულავა ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინება ხდება. ეს პროცესი კი განსაკუთრებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში შეიმჩნევა, როცა კომპანებს გარკვეული პერიოდი გაჩერება მოუწიათ და პროექტებს ვეღარ ახორციელებდნენ.

„სპეციალისტები, რომლებიც წლები მუშაობდნენ შენთან, მიდიან უცხოეთში, რადგან უფრო კარგი სახელფასო შემოთავაზება აქვთ. თუ არ გყავს კვალიფიციური კადრი, პროექტს ვერ განახორციელებ. თვეობით ვეძებთ კადრებს. ფაქტობრივად კომპანიები ერთმანეთს ვპარავთ თანამშრომლებს, იმდენად პრობლემურია ჩვენს სექტორში კვალიფიციური მუშახელი.

აქ არის ჩვენი და სახელმწიფოს ძალისხმევა საჭირო, რომ რაღაც ერთობლივი პროექტები შეიქმნას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ იყო ამის პრეცედენტი, როცა კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთად ცდილობდა რაღაც ინსტიტუციონალურურად შეგვექმნა სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, სადაც მოხდებოდა კვალიფიციური კადრების აღზრდა.

ელემენტარული შემდუღებელი ქვეყანაში პრობლემაა. შეიძლება კარგი შემდუღებელი ვერ იპოვო და გვიწევს უფრო ძვირად თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ,“-აცხადებს გიორგი მირცხულავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share