ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში…ათეულშიც არაა, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “რესპუბლიკელების” ლიდერი და ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ძმა, დავით ბერძენიშვილი წერს.
მისივე თქმით, ლევანი ხელისუფლების უჭკუობით და უნებური დახმარებით ახალგაზრდებს გათავისუფლებაში ეხმარება.
“ლევან ბერძენიშვილმა, მისდა უნებურად, ხელისუფლების პროპაგანდის კონტრპროდუქტიულობის წყალობით, შიშველი სიმართლე უთხრა ბევრად მეტ ქართველ ახალგაზრდას, ვიდრე იმ ინტერვიუს დროს ვარაუდობდა.
გვაწყობს ის და მხოლოდ ის, რაც სიმართლეა.
ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში…ათეულშიც არაა.
შარშან და წელს მიხდება ვიკითხო თითქმის ყველაფერი, რაც მოქმედ ქართველ ისტორიკოსებს მეთვრამეტე- მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნის ისტორიაზე დაუწერიათ, რადგან სტუდენტებს ქართულ- რუსულ ურთიერთობებზე ვესაუბრები. ჩემი ლექტორები – ვახტანგ გურული და მერაბ ვაჩნაძე( სხვებიც, ცხადია) პოსტსაბჭოთა პერიოდში ბევრს მუშაობდნენ ამ თემებზე.
ბევრი ნაშრომი, სახელმძღვანელო გამოაქვეყნეს – ერეკლე და მანამდე ვახტანგ მეექვსეც და მანამდე სხვები – ყველა შეცდა პრორუსული ორიენტაციის მცდელობით. მწარედ ვისჯებოდით, უპერსპექტივო, არარეალიზებული ჩრდილოური ორიენტაციის გამო. არაა ამ საკითხების( რუსული ორიენტაცია, ტრაქტატი) უშუალო სპეციალისტებისთვის საკამათო, რომ ერეკლემ კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ერს წაართვა სუვერენიტეტი. სწორია ბარათაშვილი. სწორია ჯავახიშვილი .
ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე – ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის ….რა პრობლემაა.
ისიც უნდა იცოდეს, რომ ცეკას მდივანი შევარდნაძე ამ საზიზღარ “გიორგიევსკის ტრაქტატს” რუსეთთან შეერთების კონტექსტით აღნიშნავდა 1983 წელს. საზიზღარი, ქვეშევრდომული ფილმიც გადაიღეს “წიგნი ფიცისა”. სუვერენიტეტის გასხვისების, რუკაზე ფერის დაკარგვის 200 წლისთავი სწორედ, როგორც შეერთების(და არა მფარველობითი ხელშეკრულების) ხაზგასმით აღინიშნებოდა.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გამო სამარცხვინო ზეიმს ვინც აპროტესტებდა, სუკმა ზოგი გააციმბირა, ზოგიც გაამწარა, ზოგიც დაავადმყოფა… ჩემი სტუდენტობის მეგობრებია და ვიცი.
” გიორგიევსკის ტრაქტატი” – მძულს ეს ორი სიტყვა იმ დროიდან მოყოლებული.
ტყუილში ცხოვრებაა პრობლემა. და მეტი მომავალი გვჭირდება და ცოტა წარსული. ასე ვხედავ. სხვა პერიოდებზე და პერსონებზეც გველის კლიშეების, მითების გადაფასება. ნუ დავივიწყებთ, რომ ეს კლიშეები საბჭოთა პერიოდშია შექმნილი.
ლევანი ხელისუფლების უჭკუობით და უნებური დახმარებით ახალგაზრდებს გათავისუფლებაში ეხმარება.
ჰოდა, უფროსებიც გავთავისუფლდეთ”, – წერს დავით ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
“მანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის – “ომი გინდათო”? ერეკლემაც ეგ თქვა – “აბა, ომი გინდათო?”. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ამასთან, თელავში, ერეკლე II-ს სასახლესთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ლოზუნგებით – “ვიცავთ ჩვენს მეფეს და ისტორიას”, “ერეკლე ჩვენი სიამაყეა”, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს ერეკლე მეორეს შესახებ.