საზღვრის კვეთის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესია ჩანიშნული.
სხდომას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გამო, დღესაც ვერ დაესწრება.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო მესამე პრეზიდენტის მიერ უკვე ჩვენების განმარტების ეტაპზეა, თუმცა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას პროცესზე დასწრების საშუალებას არ აძლევს, დღევანდელი სასამართლო, სავარაუდოდ, გადაიდება.
“ამჟამად ვიმყოფებით მის მიერ ჩვენების განმარტების ეტაპზე, ამიტომ, დიდი ალბათობით ეს პროცესი გადაიდება და გაგრძელდება მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა მისივე სასამართლო პროცესებში. გასამართლება საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთვის, საკუთარი ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის არის სამართლებრივი და პოლიტიკური აბსურდი. ამას ადასტურებს ყველა ის განცხადება, რომელიც კეთდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე”, – თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.