“საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი” – ამ სათაურით სტატია “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, ნიკოლოზ სამხარაძემ და მისმა მოადგილე გიორგი ხელაშვილმა EURACTIV-ზე გამოაქვეყნებს.
სტატიაში ისინი ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) ავტორების მოსაზრებას აკრიტიკებენ. დეპუტატები წერენ, რომ CEPS-მა გამოაქვეყნა ორი ცალკეული კვლევა უკრაინისა და მოლდოვას წევრობის წინადადებების შესახებ, მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა ევროკომისიას შესაბამისი მოთხოვნები წარუდგინეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე აღნიშნავენ, რომ ლოგიკურად ელოდნენ კვლევა საქართველოზეც მომზადდებოდა და ამბობენ, ჩვენი ქვეყანა “ასოცირებული ტრიოს” ლიდერია.
“გასაკვირია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, CEPS-მა გადაწყვიტა შემოფარგლულიყო მხოლოდ უზუსტობებითა და წინააღმდეგობებით გაჟღენთილი, უაღრესად იმედისგამაცრუებელი პუბლიკაციით, სადაც ორი პატივცემული ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოს განაცხადი ევროკავშირში “საეჭვოა”.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის “პარადოქსის” წოდებით, ავტორებმა აირჩიეს უგულებელყოთ მტკიცებულებები და დაეყრდნენ ხმებსა და ცალმხრივ პოლიტიკურ აზრს პოლარიზებული ქართული პოლიტიკური დისკურსიდან.
ფაქტების უარყოფის გზით, ავტორები განიხილავდნენ მათ მიერ მოგონილ “პარადოქსის” ცნებას, იმის ნაცვლად, რომ ზედმიწევნით ეცადათ გაეგოთ საქართველოს ევროპული შანსების უკან ძლიერი და თანმიმდევრული ლოგიკა”, – წერია სტატიაში.
ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ეკონომიკური ნაწილების განხორციელება შთამბეჭდავი იყო. “ოცნება” ამ სტატიაშიც იმეორებს, რომ მათ ამ მხრივ აჯობეს არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოს.
სტატიაში, ასევე, საუბარია რომ ძირითადად აღმოიფხვრა კორუფცია, იმაზე დიდი წარმატებით, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში რასაც CEPS-ის საფუძვლიანი კვლევა ერთი წლის წინ მტკიცედ ეთანხმებოდა.
“რა მოხდა ამჯერად? განსახილველი სტატიის პრობლემა მისი დაბნეული მეთოდოლოგიაა.
მაშინ როცა ანალიზის პირველი ნახევარი ეფუძნება მყარ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევას, რომელიც მიუთითებს საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებებზე რეფორმების ყველა სფეროში, ტექსტის დანარჩენი ნაწილი გაჯერებულია ბოლო რამდენიმე წლის მოვლენების რამდენიმე ანეკდოტური (და ხშირად არაზუსტი) მითითებით. რომლებიც მოყვანილია როგორც “არგუმენტები” საქართველოს პროგრესის გასაბათილებლად”, – წერია სტატიაში.
დეპუტატები წერენ, რომ არგუმენტებსა და ფაქტებს შორის თანმიმდევრობა და კავშირი საპირისპიროა და რომ პოლიტიკური კრიზისი, პანდემიის შუაგულში, სწორედ ოპოზიციის “გაუმართლებელ საბოტაჟს” მოჰყვა.
ასევე, ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციამ ძირი გამოუთხარა შარლ მიშელის მცდელობას, როცა მან ვერ მიაღწია შეთანხმებას პარტიებს შორის.
“ოცნების” დეპუტატები წერენ, რომ სტატიაში გამოტოვებულია საქართველოს მთავრობის მიღწევები, მათ შორის “ხელახალი დაბალანსებული კონსტიტუციური სისტემა”, “მკვეთრად გაუმჯობესებული სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება”, ასევე, მუდმივად მზარდი პლურალისტური პოლიტიკური გარემო და სასამართლოსადმი ნდობა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში არასდროს ყოფილა ასეთი.
“სტატიაში ასევე არ არის ნახსენები ხალხის მხარდაჭერა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ”, – წერენ ხელაშვილი და სამხარაძე.
ისინი წერენ, რომ საქართველოს დემოკრატიული მდგრადობა სრულყოფილად გამოვლინდა 2020 წლის არჩევნების შემდგომ “პოლიტიკური ტურბულენტობის” გამკლავებაში, COVID-19-ის პანდემიის მართვაში, ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრით რეგიონში გამოწვეული კატასტროფული ძვრების მართვაში “დემოკრატიული პრაქტიკის იოტისოდენა მსხვერპლად შეწირვის გარეშე”.
სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების “შთამბეჭდავი რეფორმები”, დემოკრატიისადმი ერთგულება, ისტორია და კულტურა, ასევე სხვა კანდიდატებთან ხელსაყრელი შედარება სტატუსის კვალიფიკაციას მოგვანიჭებს.
ხელაშვილი და სამხარაძე “გულწრფელად იმედოვნებენ”, რომ ევროკავშირი მიიღებს დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის შესახებ.