“მარტივი დილემა გვაქვს, გავხდეთ ქვეყანა, რომელიც კლავს, თუ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც იცავს ერთმანეთს” -ელენე ხოშტარიას მიმართვა აქციის მონაწილეებს

“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტიდან, სადაც უკვე მე-6 დღეა შიმშილობს, რუსთავის ციხესთან შეკრებილ ადამიანებს მიმართა.

მისი თქმით, ადამიანები რუსთავის ციხესთან ერთი მიზნისთვის იდგნენ – არ დათმონ ქვეყანა და არ დათმონ ქვეყნის თავისუფლება:

“თვალყურს გადევნებთ და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია შეკრებილი ყველაზე მთავარისთვის – არ დათმოს ჩვენი ქვეყანა, არ დათმოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, არ შეეგუოს უსამართლობას, ძალადობას, ჩაგვრას და იყოს ერთმანეთის სოლიდარული.

მე დღეს ვუყურებდი უამრავი განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანს, რომლებიც ერთად არიან ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. დღეს ჩვენ გვაქვს მარტივი დილემა, გავხდეთ ქვეყანა, რომელიც კლავს, თუ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც არის სოლიდარული, იცავს და უფრთხილდება ერთმანეთს. მე არასდროს შევეგუები ქვეყანას, რომელიც კლავს, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც იცავს, უფრთხილდება ადამიანებს და მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვინ მოსწონს და ვის არა.

მინდა ასევე მივმართო მიხეილ სააკაშვილს, ვუსურვო მას მხნეობა, ასევე გამძლეობა იმ ცინიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ამ კონკრეტულ მომენტში, მის მიმართ ხდება. მე დარწმუნებული ვარ, თუ ვირწმუნებთ თუ დავიჯერებთ ჩვენი ძალების, ჩვენ ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ქილიკობენ და არ სჯერათ საკუთარი ქვეყნის მომავლის. მადლობა და მხნეობა ყველას”,-თქვა ელენე ხოშტარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share