31 წლის წინ, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა

საქართველოში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან 31 წელი წავიდა – 1990 წლის 28 ოქტომბერს, აქართველოს სსრ-ში პირველი და ერთადერთი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.

თავდაპირველად, არჩევნები მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 1990 წლის 11-13 მარტს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ეროვნული ძალების კონფერენცია, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ოფიციალურ არჩევნებს. ხელისუფლება იძულებული გახდა, არჩევნები შემოდგომისთვის გადაედო. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ზვიად გამსახურდიასა და გიორგი ჭანტურიას მომხრეებს შორის განხეთქილება დაიწყო. ჭანტურიას ირგვლივ გაერთიანებულმა ძალებმა სექტემბერში ჩაატარეს ალტერნატიული არჩევნები, რომელშიც 6 ბლოკი მონაწილეობდა, მაგრამ კენჭისყრის სამი რაუნდის შემდეგ ამომრჩევლების მხოლოდ 50,8%-მა მიიღო მონაწილეობა.

გამსახურდიას ირგვლივ გაერთიანებულმა ძალებმა შექმნეს საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ და მოემზადნენ შემოდგომის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიები რეგისტრაციას გადიოდნენ 32-წევრიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიაში ოპოზციური ორგანიზაციების წარმომადგენლები რაოდენობრივად აღემატებოდნენ მმართველი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს.

არჩევნების მონიტორინგს აწარმოებდა 40-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებში 11 სუბიექტი მონაწილეობდა, აქედან – 6 პარტია და 5 ბლოკი.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ საბჭოთა შეიარაღებული ძალებში მომსახურე პირებს, ასევე, რეგიონულ პარტიებს. ამის გამო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარტიებმა – „აიდგილარამ“ და „ადამონ ნიხასმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს.

არჩევნები ჩატარდა პარტიულ-პროპორციული (125 მანდატი) და ერთმანდატიანი მაჟორიტარული (125 მანდატი) შერეული საარჩევნო სისტემით.

უზენაესი საბჭო აირჩეოდა 5 წლის ვადით.

დაწესებული იყო 4%-იანი ბარიერი.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share