“ის, რომ რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების “საიუბილეო” თარიღთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, არ არის მხოლოდ სიმბოლური აქტი. ის “გვთავაზობს” ტრაქტატი-2-ის გაფორმებას და კონტექსტში იკითხება მუქარა, რომ ეს არის წინადადება “რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება”.
სამწუხაროდ, ამის საფუძველი მოამზადა ხელისუფლებამ, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელ სურვილს წირავს ჩვენი დასავლურ სისტემებში ინტეგრაციის დაჩქარების ამოცანას. სწირავს იმით, რომ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე (მიშელის დოკუმენტის “ანულირება”), ფსონს ჩამოდის და აქეზებს საზოგადოებაში ულტრა-კონსერვატული განწყობების დანერგვას, რაც “ერთმორწმუნეობაზე” დაფუძნებული რუსული ექსპანსიის მთავარი იარაღია, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობს, აქეზებს კრიტიკული მედიის მიმართ ძალადობას და ა.შ.
მოკლედ, სიტყვით საუბრობს დასავლეთზე, საქმით მივყავართ რუსეთში.
რუსეთი მშვენივრად გრძნობს ამას და იწყებს გადამწყვეტ შეტევას. უნდა ველოდოთ სხვა ფეთქებადსაშიში თემების გააქტიურებასაც, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების პრობლემები, სასაზღვრო პრობლემები, ერთმორწმუნეობის მუხტის გაძლიერება.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით გადამწყვეტი ბრძოლის ფაზაში საქართველოს მომავლისთვის”.
წერს გია ხუხაშვილი “ფეისბუქ’ გვერდზე.