ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილისა და ე.წ. კლანის წევრი ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ უმწვავეს განცხადებებთან ერთად, სანქციებზე ისაუბრეს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზეც.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა თქვა, რომ შტატები სანქციებს იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორუმპირებული მთავრობების წინააღმდეგ.
“სანქციები, როგორც იცით, არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვახმოვანებთ წინასწარ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას. საქართველოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს, რომელზეც ასე მჭიდროდ გვიმუშავია ქართულ მხარესთან. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ იქნება, რომ გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე სვლა, რათა გახდეს ძლიერი დემოკრატია”, – თქვა დონფრიდმა.
ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობის შესახებ კი კარენ დონფრიდმა აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის თავისუფალი მედია არსებითი მნიშვნელობისაა.
“ნებისმიერი დემოკრატიისთვის თავისუფალ მედიას არსებითი მნიშვნელობა აქვს”, – თქვა მან.