“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების გუშინდელი მწვავე კრიტიკის პასუხად, ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის ბოლოს მიღებული რეზოლუცია წაუკითხა და თქვა, რომ დოკუმენტის მიხედვით გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ზოგადად ქვეყანაში კარგად იყო დაცული. მისივე თქმით, შეშფოთება მხოლოდ პოლარიზაციისა და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით იყო გამოთქმული.
მდინარაძემ იკითხა გაუგებარია რა მოხდა ისეთი ამ ერთი თვის განმავლობაში, რომ დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვალა.
“ამ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რა მოხდა ისეთი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება, რა მოხდა ისეთი, რომელმაც შექმნა რაღაც არმაგედონის ფონი, მაიკლ ბეი რატომ დასჭირდა ამ ამბავს იმგვარად, რომ თითქოს ჩამოიქცა ყველაფერი ერთი თვის განმავლობაში”, – თქვა მდინარაძემ.
მას ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ ამ პერიოდში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დააკავეს, რასაც არაერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა. მდინარაძემ თქვა, რომ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით “ფეიკ კამპანიაში” არ მხოლოდ საქართველოს შიგნით პოლიტიკოსები, არამედ 10- ზე მეტი ევროპარლამენტარი მონაწილეობს.
“როდესაც ერთი თვის თავზე ევროპელი ჩვენი კოლეგები, ათზე მეტი, სამწუხაროდ, გამოდიან და აბსოლუტურად შებრუნებულ, კატასტროფულ სიტუაციას ხატავენ და ამგვარად უტევენ საქართველოს ხელისუფლებას, იმ რეალობას რომელიც საქართველოში არის და ამ რეალობის საწინააღმდეგო ფეიკს ავრცელებენ, უკვე არა მხოლოდ რაღაც ლოკალურ დონეზე, არამედ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის შეტევა საქართველოზე. რაც შეეხება იმ კითხვას, რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანის დაკავება, მაგალითად, შეუძლებელია ამგვარად ცვლიდეს დამოკიდებულებას, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ საუბრობს მის დანაშაულობა-უდანაშაულობაზე, მხოლოდ საუბრობენ იმ ფეიკებზე, რაც თვითონ მოიგონეს თითქოს ის ავტომანქანის გამოა დაკავებული და ა.შ.
სინამდვილეში შეიცვალა ერთადერთი რამ, გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს შეექმნას ხელოვნური ბარიერები იმ პროცესთან დაკავშირებით რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით”, – თქვა მდინარაძემ.
მისი აზრით, ყველამ, მათ შორის ენმ-მ და მისმა ლობისტებმაც იცოდნენ, რომ ეს შემაფერხებელი იქნებოდა საქართველოსთვის.
ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით 8 ივნისს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე, 5 ივლისის ძალადობაზე, ასევე, ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც მათი აზრით, სანქციები უნდა დაუწესდეს.