პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა:
„საერთოდ მინდა, ჩვენ მოქალაქეებს ავუხსნა, ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არ აქვს და მათი როლი არის შეიძლება ითქვას, სიმბოლური. მე ასევე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით და ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც, ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში ამოვარდნილია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილია, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ერთი რამ მინდა ვთქვა, საერთოდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კარგად გვესმის, ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის მტრები, შიდა და გარე მტრები, თითქოს, რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა. მეგობრებო, ყველას შეგახსენებთ, რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება 2012 წელს რომ მოვიდა სათავეში, მაშინ ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა, ეს იყო დიქტატორული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, ხოცავდნენ და საშინელება ხდებოდა, არც თავისუფალი მედია არსებობდა, არც თავისუფალი სასამართლო არ არსებობდა. ქვეყანაში არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა 2012 წელს.
რაც შეეხება აწმყოს, ჩვენ ბოლო 9 წლის განმავლობაში, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა, მისმა პარტიამ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტის ნაბიჯი, რამაც რეალურად ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ და შეგახსენებთ ყველას, მათ შორის, ჩვენ კრიტიკოსებს და არაობიექტურ ადამიანებს. ასოცირების შეთანხმება ვინ გააფორმა? ეს გააფორმა „ქართულმა ოცნებამ“, ანუ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, მისმა დატოვებულმა გუნდმა, უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქლაქეები სარგებლობენ, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად ჩვენ წარვადგინეთ წევრობაზე განაცხადი, ანუ ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, ჩვენი მხრიდან შესრულებულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ის დაელოდება 23-24 ივნისს და გაიგებს „რეალურად რა დამოკიდებულება აქვს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის მიმართ“.
„რაც შეეხება სტატუსს, სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ანგარიშვალდებული ჩვენ ხალხთან, რომ მათ სიმართლე ვუთხრა. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური მატარებელი, ანუ რეალურად ამ სტატუსის მონიჭებით, რისი იმედიც მაქვს ჯერ კიდევ, ამ ოპტიმიზს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის ინტერესებშიც არის და ჩვენ ინტერესებშიც არის და არ იქნება რუსეთის ინტერესებში ეს გადაწყვეტილება მიღებული. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი ღერძი და გზამკვლევი, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობაა… ეს დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ 300-მა ადამიანმა, ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის, რომლის 80%-იც არის მომხრე ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების. ეს არის აღმაშფოთებელი, მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ეს არის შეუარცხმყოფელი დამოკიდებულება. დაველოდებით 23-24 ივნისს, ის დამოკიდებულება გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვთ რეალურად ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.