სტუდენტების პროტესტი რექტორის კაბინეტიდან გრძელდება. უცვლელია მოთხოვნებიც- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუნდენტები ონლაინ გამოცდების ჩატარებას, საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, რექტორის გადადგომას და ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვენ.
მოძრაობა “ბრძოლა განათლებისთვის” უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტის გამო ბოდიშს იხდის და ძალადობას ემიჯნება.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნით უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მობილიზებული იყო არაერთი შეიარაღებული საპოლიციო ეკიპაჟი – რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის შიდა სივრცეში მათთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა გამოჩენა იყო პროვოკაცია და ჩვენი დაშინების მცდელობა.
ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება. ამასთანავე, ბატონი რამაზი საკუთარი პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის.
სტუდენტური მოძრაობა უკვე ორ თვეზე მეტია, იკრიბება ოთხი მოთხოვნით, რომელთაგანაც რატომღაც მხოლოდ გამოცდების ფორმატზე ხდება აპელირება მედიის მხრიდან. მოთხოვნები კი შემდეგი სახისაა:
1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
2. ფინანსური გამჭვირვალობა!
3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება!
4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება!“ – განაცხადეს აქციის მონაწილე სტუდენტებმა.