ამჟამად არსებული მაღალი ინფლაციის დონე აშშ-ში 1981 წლის შემდეგ არ ყოფილა

ამერიკაში ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო 4 ათწლეულის მაქსიმუმზეა. მიმდინარე წლის მაისში აშშ-ში სამომხმარებლო ფასები 8.6%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მსაგავსად მაღალი ინფლაციის დონე ამერიკაში 1981 წლის შემდეგ არ ყოფილა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსის მსგავს ზრდას ენერგიის და სერვისების მკვეთრი გაძვირება განაპირობებს და კიდევ უფრო ზრდის წნეხს ფედერალურ ბანკზე, გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.

მაგალითად, ენერგიის ფასები 3.9%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, წლიურად კი 34.6%-ით. სურსათის ფასები აპრილთან შედარებით 1.2%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი 10.1%-ით გაიზარდა.

შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები უარყოფითად აისახა აქციების ფასებზე და მათი მკვეთრი შემცირება გამოიწვია. მსგავსი რიცხვები ზრდის შფოთვას ქვეყანაში იმასთან დაკავშირებითაც, რომ შესაძლოა ეკონომიკა მალე რეცესიაში აღმოჩნდეს.

საპროცენტო განაკვეთების 75 საბაზისო პუნქტით გაზრდის შემდეგ, ბაზრები მოელიან, რომ ცენტრალურმა ბანკმა გამკაცრების პოლიტიკა მიმდინარე წლის ბოლომდე და შესაძლოა, 2023 წელსაც გააგრძელოს.

ინფლაცია პოლიტიკური თავის ტკივილია თეთრი სახლისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვისაც. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფასების მკვეთრ ზრდას პანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვების წყვეტასა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს აბრალებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share