ჯაღმაიძე: გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის შენიშვნა მისთვის გაუგებარია. როგორც ჯაღმაიძე ამბობს, მის კომენტარში “არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულოვანებისა არ ყოფილა”.

“პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ. დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი: – დიახ, იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი”, – წერს ჯაღმაიძე.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა “ვერ მოხერხდა”.

“პატრიარქთან ნებისმიერ დროს შეხვედრა ვერ მოხერხდა. თხოვნა იყო დღეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. უშუალოდ ამ პროცესში არ ვიყავი მე თვითონ ჩართული. მიზეზი არ ვიცი”, – თქვა მან იმედთან.

ამის საპასუხოდ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან “უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share