თბილისსა და რეგიონებში დღეს აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

„სირცხვილიას“ წევრი ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს, 20:00 საათზე, ელოდებიან საქართველოს ყველა მოქალაქეს პარლამენტის წინ. მისი თქმით, ეს აქცია იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის, რათა სტრატეგიულ პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ ერთობა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, ამ შეკრების მიზანია, „ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს ევროპული არჩევანი“.

„20 ივნისის აქცია არის უმნიშვნელოვანესი თარიღი. ეს არის სიმბოლური შეკრება იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს დავანახოთ, რომ განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისა, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს ევროპული არჩევანი და მზად არიან, რომ ეს არჩევანი დაიცვან. ამ დღეს ჩვენ ვივიწყებთ ყველანაირ განსხვავებას, ყველანაირ პარტიულ ხაზს, რომელიც ერთმანეთისგან გვყოფს და ვერთიანებით იმის გარშემო, რაც გვაერთიანებს – ეს არის ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნება, ევროკავშირში ინტეგრაცია, უკეთესი მომავალი, თავისუფლება, მშვიდობა, განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა და ა.შ.

აქვე დავამატებ იმას, რომ ჩვენ ველოდებით 24 ივნისს, რადგან ამ დღეს ევროკავშირი მიიღებს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით და ეს თარიღიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ 20 ივნისის შემდეგ კიდევ ერთხელ დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და მომავალი“ , – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც – 18:00 საათზე ზუგდიდში, 19:00 საათზე ბათუმში და 15:00 საათზე ქუთაისში გაიმართება.

ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც – ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share