დასაბამიდან ბევრს საუბრობენ გურულების სიფიცხეზე, ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: ,,…კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი.” XX საუკუნის დასაწყისში ჟურნალ ,,მოგზაური”-ს ჟურნალისტი კ. გვარამაძე გვამცნობდა: ,,გურულს გული მოუვა თავისი სიფიცხითა, რადგანაც მას სული ცხირში აქვს. მაგრამ ერთი კარგი თვისებაცა აქვთ, რომ დამშვიდება მყისვე იციან. ღმერთმა ნუ ჰქმნას დიდხანს გასწეოდა გურულს გულის მოსვლა, თორემ თქვენი მტერი, ერთმანეთს ისე ამოჟლეტდნენ, რომ დღეს აღარ იქნებოდნენ… გურული მეტად განსხვავებული ბუნების ადამიანს შეადგენს საქართველოში, როგორც სჩანს აწერილობიდგან. ამას უკეთესათ დავასურათებ ქართლ-იმერლებთან შედარებით. ტეტიას რომ აგინოთ იმისათვის სამაგიეროს არას გეტყვის; აქეთ რომ წამოხვიდეთ და სურამელს აგინოთ, სამაგიეროთ შეიძლება მიზეზი გკითხოს შეგინებისათვის; იმერეთში ხოროგაულელები _ კი ამისთვის სამაგიეროს შემოგაგინებსთ, ქუთათური იმერელი _ კი ცემა-ტყეპით და იარაღის დაშიშვლებით გადაგიხდიან, ხოლო გურული _ კი ამას წუთიერი სიკვდილით გადაუხდის მაგინებელს, იარაღით მაშინათვე გააციებს…” ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ბარონ დე ბაი, რომელმაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა აღნიშნავდა, რომ ,,საქართველოში…. ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, (გურულები) ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორითაც გასკონელები საფრანგეთში.”
ირაკლი მახარაძე