მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ვლადიმერ სოლოვიოვი რუსების დიდებულებისა და მტრობის ილუზიებით შეპყრობილობის შესახებ წერდა და ხალხს აფრთხილებდა: მთელი ერის ამგვარმა აზროვნებამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსი ხალხი ფორმალურად არ შეიძლება ჩაითვალოს გიჟად, ის შეპყრობილია ცრუ იდეებით, რომელიც ესაზღვრება განდიდებისა და მის მიმართ მტრულად განწყობის მანიას. ერს ეჩვენება, რომ ყველა მეზობელი შეურაცხყოფას აყენებს მას, ქედს იხრის მისი სიდიადის წინაშე და ყოველმხრივ შეთქმულებას აწყობს მის წინააღმდეგ“
ასე განმარტა რუსმა ფილოსოფოსმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა 1892 წლის სექტემბერში, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება მომავალში მასშტაბური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. მას მიაჩნდა, რომ განდიდების მანიისა და შეპყრობილობის პრობლემა პირდაპირ არ უკავშირდებოდა ხალხის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
‘
ამ ყველაფრის მიზეზი შიმშილი და მოსავლის უკმარისობა იყო, რასაც ცოტა ხნით ადრე ემსხვერპლა კიდეც ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე. ამ უბედურებამ მოიცვა ცენტრალური რუსეთის 17 პროვინციისა და ვოლგის რეგიონის სოფლები.
თავად სიტყვა „შიმშილს“ სოლოვიოვი არ ხმარობდა. შესაძლოა, თვითონ ავტორმა ვერ გადაწყვიტა ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაერქმია, ვინაიდან აღნიშნულ ვითარებაში ცენზორები პუბლიკაციებში სიტყვა „შიმშილს“ ცვლიდნენ „მოუსავლიანობით“.
მარცვლეულის ექსპორტი სახელმწიფოს შემოსავლის მნიშვნელოვან წილს იკავებდა, ამიტომ ცუდი მოსავლიანობის დროსაც, 1891 წელს პეტერბურგის სამეწარმეო პოლიტიკა ფინანსთა მინისტრის, ივან შინეგრადსკის ლოზუნგით ხელმძღვანელობდა: „თავად არ შევჭამთ, მაგრამ საზღვარგარეთ გავიტანთ“. შესაბამისად, მოხდა არნახული რამ – პურის ფასი რუსეთში ბევრად დიდი იყო, ვიდრე ექსპორტზე გატანილი ხორბლის ფასი.
მარცვლეულის გატანა აიკრძალა, ხოლო ქვეყანაში საქველმოქმედო აქციის ტალღამ ჩაიარა. „გთხოვთ, შიმშილობის დასრულებამდე მთელი ჩემი ანაზღაურება გამოქვითოთ მოშიმშილეების სასარგებლოდ“, – წერდა სოლოვიოვი „სევერნი ვესტნიკს“.
და ეს არ არის ერთადერთი ჟესტი გაჭირვებულთა მიმართ ავტორის მხრიდან, რომელიც მაშინ აზრის ლიდერად ითვლებოდა. მისი მაგიდა სავსე იყო საკუთარი ნამუშევრებისა და სხვისი ხელნაწერების მონახაზებით, რომელთა რეცენზიასაც უკვეთდნენ „სქელი“ ჟურნალების რედაქციები.
იმპერიაში საზოგადოების განათლებული ფენა სოლოვიოვის ტექსტებს ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მკითხველთა გარკვეულ შეხედულებებს. ეს საინტერესო ბრძოლასავით გამოიყურებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოლოვიოვი, ასევე ცნობილი როგორც პოეტი, აშკარად აკრიტიკებდა რუსეთისთვის „განსაკუთრებული გზის“ დამცველებს. მან ერთხელ ისაუბრა ამაზე: „ალბათ, გახსოვთ, რომ პატრიოტი იდიოტთან ირითმება”. მაშინდელ ინტელექტუალურ გარემოში ეს უხეშ შეურაცხყოფად ჟღერდა.
ეს პირველ რიგში ეხებოდა რუს „დიდებულებს“, რომლებიც ბრაზდებოდნენ ნებისმიერ რამეზე, რაც დასავლეთიდან მოდიოდა.
მათ განწყობას მკაფიოდ გამოხატავდა პუბლიცისტი ნიკოლაი დანილევსკი წიგნში „რუსეთი და ევროპა“:
„ყველა რუსისთვის, ჩეხისთვის, ხორვატისთვის, სლოკავისთვის, ბულგარელისთვის (მინდოდა მიმემატებინა პოლონელისთვის)… სლავური იდეა უნდა იყოს მეცნიერების, თავისუფლების, განათლების და ნებისმიერი მიწიერი კეთილდღეობის მაღლა.
„ჭეშმარიტი სარგებელისა და ნამდვილი ზიანის მიმართ გულგრილი რუსი ხალხი წარმოაჩენს არარსებულ საფრთხეებს და ამყარებს უაზრო იმედებს. იმის მაგივრად, რომ თავისი პატიოსანი შრომით საკუთარი თავისა და მეზობლების სასარგებლოდ იცხოვროს, ის მზადაა მთელი თავისი ქონება და დრო დახარჯოს მოჩვენებითი ბოროტი ზრახვების წინააღმდეგ ბრძოლაში.
თუკი დარწმუნდება და გონს მოეგება, უარს იტყვის უაზრო იდეებზე და შეურაცხმყოფელ საქციელებზე, ჭკვიანი ადამიანი, მოხერხებული და ძლიერი, ადვილად იპოვის საკუთარ თავში ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებას და საკუთარი საქმეების მოგვარების ხერხებს“, – წერს სოლოვიოვი.
შეგახსენებთ, რომ ეს წინადადებები დაწერილია 1892 წელს. ამ სტატიის დაწერიდან 8 წლის შემდეგ სოლოვიოვი გარდაიცვალა, ხოლო 1905 წელს იმპერიაში შეიქმნა რუსი ხალხის კავშირი, რომელთა რიგებში იყვნენ როგორც ინტელიგენცია, ისე უბრალო ხალხი.
allnews.ge