ჟურნალისტი, თამო კეშელავა გურულ მასწავლებელ ირმა გორდელაძეზე წერს, რომელიც 24 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე ყაბალახით გამოვიდა და მისმა გამოსვლამ საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია.
“ყველა იმ ყაბალახიან ქალს ლანძღავს და რა თქვა, ხალხო, არასწორი?
არ სხედან პარლამენტში აბდლები?ღარიბაშვილი ქვეყნის სახე?
ალტ–ინფო მოგწონთ?
რუსეთი არაა ოკუპანტი?
პუტინზე მეტად საშიშნი ქართველი პრორუსები არ არიან?
“გამევიდნენ 3 დღის წინ და გაგვისწრია გერმანიიზა, გაგვისწრია ნორვეგიიზა, ტეტა, ტეტა, რა იაბდლენ…” – არ იყო ასე?
ახალგაზრდებს რომ ვხედავ, მიხარია და დაე, შინაურმა და გარეულმა მტერმა ნახოს, რა ახალგაზრდობა გვყავსო და იქნებ, ეგაა ტყუილი?
საჯარო მოხელეები შიშში არიანო? – ეგ?
პარლამენტარები წლებია “თავზე გვასკინტლავენო” – იქნებ ეგ მოგხვდათ გულზე?
სუსმა ჩემ მოსმენას, ქვეყნის უსაფრთხოებას მიხედოსო, რომ თქვა – ეგაა არასწორი?
აბა, ეცდებიან დაგვაპირისპირონ და გაგვთიშონო – ეგაა ტყუილი?
არ დაიცალა ქვეყანა და არ გარბის ხალხი ემიგრაციაში?
ქართველი ერი არის გონიერია და თვითგადარჩენის ინსტიქტი არ დაბლაგვებიაო – ეგ გეგონათ პირიქით?
რა არ მოგეწონათ? პერანგი რომ არ აცვია ფუშფუშებიანი? “ბროშკა” რომ არ ეკეთა შარფზე, რომელიც კისრის ნაცვლად, საერთოდაც თავზე ჰქონდა მოხვეული?
ფოტოებს რომ აფრიალებთ, მართლა მაინტერესებს, გარეგნულად აფასებთ?
ცოტა გიჟია? – და რატომ უნდა იყო დაწყობილი ამ ქვეყანაში?
რა დროს გარეგნობა, ჩაცმულობა და კილოა, ხალხო, 21–ე საუკუნეა, ადამიანების გაცნობის, ურთიერთობის საუკუნე, სხვა ქვეყნის მინისტრები რომ მეტროთი და ავტობუსით დადიან და მათ ფოტოებს აფრიალებთ, ასეთი ადამიანების გვერდით სხდებიან იმ მეტროებსა და ავტობუსებში.
ველოსიპედით დადის მილიონერიო, ფოტოები მხვდებოდა, ისიც ზუსტად გარეგნობით და ჩაცმით აფასებს, ალბათ, ადამიანებს.
ყაბალახიან ქალს კი არა, ჩოხა დაუწუნეს ვაჟას…
მერე ენაც დაუწუნეს…
აკაკის ჩაიში შაქრის წესი დაუწუნეს…
და გამსახურდიას ღომის ჭამის წესი…
რა მნიშვნელობა აქვს, ხალხო, ვინ როგორ გამოიყურება, ვის რა აცვია, ვის რა კილო აქვს, ადამიანებია მთავარი…
ესაა ევროპული ფასეულობის მთავარი კრიტერიუმი – ადამიანი.
ეს იყოს ილიას, ვაჟას მთავარი ფასეულობა – ადამიანი.
პირჯვარს რომ იწერთ, იქაც ეგაა მთავარი…”, – წერს თამო კეშელავა.