სანამ მეგან მარკლი ნამდვილი პრინცესა გახდებოდა, მას პრინცესას როლი ჰოლივუდში ჰქონდა. ამერიკელი მსახიობი დაიბადა და გაიზარდა კალიფორნიაში, მისი ნამდვილი სახელი კი რეიჩელ მეგან მარკლი გახლავთ. მეგანმა სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკშივე დაიწყო, მამამისი, თომას მარკლი გადასაღებ მოედნებზე სასცენო განათებების დირექტორად მუშაობდა, მარკლის წარმატებას სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ ხოლმე.
11 წლის ასაკში მეგანი ფემინისტი გახდა. ეს გადაწყვეტილება გამოიწვია სატელევიზიო რეკლამამ, სადაც ამბობდნენ რომ კონკრეტული ბრენდის სარეცხი საშუალება ქალებს ჭურჭლის რეცხვას გაუადვილებდა. ახალგაზრდა ჰერცოგინიამ რამდენიმე ოფიციალური წერილი დაწერა და სხვადასხვა ორგანიზაციებსაც გაუგზავნა.
ცხადი იყო რომ მეგანს ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონდა, მაგრამ არ სურდა დარჩენილიყო გოგოდ, რომელმაც წარმატებას მხოლოდ სამსახიობო კარიერით მიაღწია, ამიტომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ის როგორც სამსახიობო თეატრში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზეც სწავლობდა.
მეგანის სოციალური სტატუსის გაზრდის შემდეგ, მას პრობლემები შეექმნა ოჯახთანაც, რის გამოც მისმა ნახევარ დამ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა და აღნიშნა, რომ მეგანს მხოლოდ ფინანსური გამორჩენა და საკუთარი თავი აინტერესებდა. სწორედ მისი და იყო პირველი, რომელმაც მეგანის და პრინცი ჰარის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მსახიობი ჰოლივუდმა შეცვალა და მისი მთავარი ამბიცია პრინცესას ტიტული იყო.
მოგვიანებით ინტერვიუში მეგანმა თქვა რომ ის ამერიკაში გაიზარდა და სამეფო ოჯახის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, ასე რომ, როდესაც ჰარი პირველად ნახა, მის შესახებ მხოლოდ ძალიან ცოტა რამ ჰქონდა მოსმენილი.
ჰარის და მეგანის გარშემო გავრცელებულმა ჭორებმა ბრიტანული ტაბლოიდები მყისიერად აალაპარაკეს, თუმცა მთავარი თემა მეგანის პირველი ქმარი გახლდათ. ჰარის გაცნობამდე მსახიობი პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე იყო დაქორწინებული, მათი ქორწინება 2 წელი გაგრძელდა.
მანამ სანამ მარკლი სასექსის ჰერცოგინია გახდებოდა, ის ხშირად ჩნდებოდა შიშველი ფეხებით, სამეფო პროტოკოლისთვის შეუსაბამო სტილით და რაც მთავარია, მისი კანი ბევრად უფრო მუქი იყო, ვიდრე სამეფო ოჯახის წევრების.
მოგვიანებით სამეფო წყაროები წერდნენ, რომ მეგანის სტილის და სიძლიერის ინსპირაცია პრინცესა დაიანა იყო, რომელსაც არა მხოლოდ ჩაცმულობით, არამედ ხასიათებით და ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებაშიც ბაძავდა.
ყველაზე სკანდალური სამეფო წყვილი ერთმანეთს 2016 წელს ტორონტინოში შეხვდა. ამ დროს ჰარი კანადაში იმყოფებოდა. წყვილმა ერთმანეთი მათი საერთო მეგობრის დახმარებით გაიცნო და როგორც მოგვიანებით აღნიშნეს, ჰარის მეგანი ერთი ნახვით შეუყვარდა. კიდევ 2 შეხვედრის შემდეგ პრინცმა მარკლი სამოგზაუროდ დაპატიჟა და მას შემდეგ ურთიერთობაში იმყოფებიან.
დღესდღეობით მეგანი 2 შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, აქტიურადაა ჩართული სოციალურ ცხოვრებაში და „პრინცესას“ სტატუსს სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობებისთვის იყენებს.
წყარო – კვირის პალიტრა