ყაზახეთი ნავთობის გასატანად ახალ მარშრუტებს ეძებს. ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ ჟომარტ ტოკაევმა, რომელიც რუსეთთან, დასავლეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს, მთავრობას მიწოდების გზების დივერსიფიცირება დაავალა.
6 ივლისს რუსულმა სასამართლომ კასპური მილსადენის კონსორციუმს (CPC) ნავთობის ექსპორტი 30 დღით აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად „როსტრანსნადზორის“ მიერ გამოვლენილი დარღვევები დასახელდა, რომლებიც „სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათი ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვას“ ეხება, კერძოდ კი, ტერმინალში ნავთობის დაღვრას ეხება. თავის მხრივ, კონსორციუმმა სასამართლოში აღსრულების შეჩერების შუამდგომლობა შეიტანა.
მოგვიანებით გადაწყვეტილება მხოლოდ 3,300 დოლარიანი ჯარიმით შეიცვალა, თუმცა ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ რუსეთს ენერგიის პოლიტიკურ იარაღად გამოსაყენებლად დიდი რესურსი გააჩნია.
კასპური მილსადენით ყაზახეთის სანავთობო რესურსის 70%-მდე ნოვოროსიისკის შავი ზღვის ტერმინალში მიედინება, იქიდან კი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება.
მილსადენი 1,500 კილომეტრიანია და 1.4 მილიონ ბარელს ატარებს ერთ დღეში – 2021 წელს კი სულ 53 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა. CPC მილსადენი მსოფლიო ნავთობის 1%-ს უზრუნველყოფს – ყაზახური ნავთობის წილი იტალიაში და გერმანიაში 30%-მდეა, ნიდერლანდებში 20%-ზე მეტი, საფრანგეთში კი 15%.
CPC მილსადენი, წყარო: satrapia.com.
კონსორციუმის ძირითადი მეწილეები რუსული Transneft-ი, Lukoil-ი და Rosneft-ი არიან, ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობის კომპანია KazMunayGas-ი 19%-იან წილს ფლობს, მცირე პაკეტები კი ამერიკულ გიგანტებს – Chevron-სა და ExxonMobil-საც აქვთ.
ნავთობის ექსპორტი ყაზახეთის შემოსავლების ძირითადი წყარო და ქვეყნისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, 1-დღიანი შეფერხებაც კი ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმაა.
ყაზახი ეკონომისტის, მაკსატ ჰალიკის თანახმად, CPC მილსადენით გადაზიდვების შეჩერებით ყაზახეთის ეკონომიკამ შესაძლოა 500 მილიონ დოლარამდე დაკარგოს 1 თვეში.
„ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლის 50%-მდე ნავთობისა და გაზის გაყიდვისას გადახდილი გადასახადებიდანაა. თუ ჩვენი ნავთობი თავის დროზე ვერ ჩააღწევს ევროპაში, ალტერნატივები უნდა მოვძებნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ შემოსავალს და საექსპორტო პოტენციალსაც.
მაგალითად, ბაქოს შეუძლია 20 მილიონი ბარელის გადაზიდვა უზრუნველყოს, მაგრამ გადაიარაღება იქნება საჭირო. ეს ყველაფერი ჩვენ ძვირი დაგვიჯდება, თუმცა მთლიანდ ჩანაცვლება კასპური მილსადენის კონსორციუმისა, არ შეგვიძლია“, – ამბობს ჰალიკი.
სწორედ ამიტომ, ტოკაევმა გასცა ბრძანება, შეისწავლონ კასპიის ზღვის გავლით მილსადენის მშენებლობის პოტენციალი, პრიორიტეტულ მიმართულებად კი ტრანსკასპური მარშრუტი დაასახელა.
ნავთობისა და გაზის ტრანსკასპური მარშრუტები დიდი ხანია განიხილება, კასპიის ზღვის ქვეშ მილსადენის გაყვანაზე საუბარი ჯერ კიდევ ქვეყნის ყოფილმა ერთპიროვნულმა მმართველმა, ნურსულთან ნაზარბაევმა დაიწყო 2000-იანი წლების ბოლოს, ახლა კი გვერდზე გადადებული პროექტი კვლავ მაგიდაზე ბრუნდება.
ტრანსკასპური მარშრუტი ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიას მოიცავს.
ტრანსკასპური მარშრუტი, წყარო: middlecorridor.com.
მოკლე ვადაში ამ მიზნის მიღწევა არარეალისტურად ჩანს, რადგან მილსადენები ძვირადღირებული ინფრასტრუქტურაა, რომლის აშენებაც სატრანზიტო პარტნიორებთან და მყიდველებთან მოლაპარაკებების გრძელ რაუნდებს საჭიროებს.
ახლა ყაზახეთს რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის გასატანად ბევრი ალტერნატივა არ აქვს და KazMunayGas-ისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქართველო და მისი პორტები ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირების ხარჯები აქ უფრო მეტია.
„თუ ჩვენ საქართველოს გავლით გავიტანთ ევროპაში ნავთობს, ტრანსპორტირების ხარჯი ბარელზე 9 დოლარით გაიზრდება, თუმცა სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“, – ამბობს ყაზახეთის ნავთობმომსახურების კომპანიების გაერთიანების თავმჯდომარე, რაშიდ ჟაკსილიკოვი.
ომის დაწყების შემდეგ საქართველოს გავლით გადაზიდვები ყაზახეთმა უკვე გაზარდა, თუმცა გზა რთულია – ჯერ ნავთობი კასპიის ზღვის მეშვეობით კონტეინერებით უნდა გადაიზიდოს ბაქოში, შემდეგ კი საქართველოში და ძირითადად, რკინიგზით უნდა მივიდეს პორტებამდე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყაზახეთისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ხაზი. მილსადენი ახლა მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით მუშაობს და პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.
კიდევ ერთი ალტერნატიული გზა ბაქო-სუფსას მილსადენია ტერმინალით შავ ზღვაში. მილსადენს აზერბაიჯანული ჯგუფი ფლობს, ოპერირებას კი ბრიტანული გიგანტი BP ახორციელებს. თუმცა მისი გამტარობა დაბალია და მხოლოდ 115 ათას ბარელს ატარებს დღეში.
გადაზიდვების გაზრდა რეგიონში და კერძოდ, საქართველოს გავლით, ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, თუმცა, დატვირთვის გაზრდის შემთხვევაში, არსებითი ფაქტორი ჩვენი ინფრასტრუქტურის მზაობა იქნება.
„ყაზახურ მხარეს სურვილი აქვს, რომ 2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი საქართველოს რკინიგზაზე, 2 მილიონი კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში დააბრუნოს. ახლა ჩვენ ვატარებთ 4-5 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებს, ესეც რომ დაემატება, მოცულობა, დაახლოებით, გაორმაგდება და კერძო კომპანიებს, რკინიგზასა თუ ტერმინალებს შემოსავლები გაეზრდებათ, თუმცა ამას წლები სჭირდება, ინფრასტრუქტურის გამართვა, მომზადება და ასე შემდეგ“, – ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა სასამართლომ კასპური მილსადენის კონსორციუმის ოპერირება არ შეაჩერა და მას მხოლოდ ჯარიმა დააკისრა, ეს ყაზახეთს საფიქრალს არ უმცირებს. ქვეყანა დიდწილადაა დამოკიდებული წიაღისეული საწვავის ექსპორტზე და ძირითადად, რუსეთის გავლით, რომელიც არც ისე სტაბილურ მოკავშირედ შეიძლება ჩაითვალოს ამ პირობებში. ყაზახეთის მთავრობამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო და რისკების შესამცირებლად ალტერნატიული მარშრუტების მოძებნა და განვითარება, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს.